სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა - დილა იბერიას მიუახლოვდა
გუშინ დაწყებული Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XIX ტური დღეს ორი მატჩით გაგრძელდა და ორივეში ფავორიტმა დაგეგმილი 3 ქულა აიღო. თავდაპირველად „დილაზე“ გეტყვით, რომელმაც „იბერიას“ მარცხით კარგად ისარგებლა და სატურნირო ცხრილის ლიდერთან ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. გორელებმა „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე „გარეჯს“ უმასპინძლეს და საგარეჯოელებს 2:0 მოუგეს. მე-18 წუთზე ანგარიში დეო ბასინგამ გახსნა, რომელმაც სადებიუტო ბურთი გაიტანა, ხოლო სტუმართა კარში მეორე გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში პედრო მენდეშის ანგარიშზეა.
„დილაზე“ უფრო მეტად გაუჭირდა გამარჯვება „ტორპედოს“, რომელმაც „შენგელია არენაზე“ „გაგრას“ 2:1 აჯობა. ქუთაისელები ბიორნ იონსენის ნაცვლად ძირითადში მოხვედრილმა სერბმა ფორვარდმა კომნენ ანდრიჩმა მე-17 წუთზე დააწინაურა. მეორე ნახევრის დებიუტში ოთარ გაგნიძემ ჩინებული რეიდის შემდეგ საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. „ტორპედო“ ქულების დაკარგვასთან ახლოს იყო, თუმცა 90-ე წუთზე გამარჯვების ბურთი კლუბის აკადემიის აღზრდილმა ალეკო ბასილაძემ გაიტანა და ანდრიჩის მსგავსად, საგოლე პასი მასაც ვარლეი და სილვამ მიაწოდა.
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XIX ტური ხვალ, „დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისის“ მატჩით დასრულდება, რომელიც სტარტს 21:00 საათზე აიღებს.