ასისტების დუბლი - მექვაბიშვილი კრაიოვას გამარჯვებაში დაეხმარა
რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტური „უნივერსიტატ კრაიოვასთვის“ და მისი ქართველი ნახევარმცველისთვის, ანზორ მექვაბიშვილისთვის წარმატებული გამოდგა. ანრიმ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „კლუჟი“ 3:2 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნეს. 64-ე წუთისთვის „კრაიოვა“ სამბურთიანი სხვაობით იგებდა და თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, როდესაც მასპინძლებმა 9-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს და ვითარება უკიდურესად დაძაბეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და დამარცხდნენ.
მექვაბიშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ის გატანაში ჯერ მე-20 წუთზე სტივენ ნსიმბას, ხოლო 56-ეზე მიჰნეა რადულესკუს დაეხმარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ათბალიანი სისტემით 7.9 მეათედი შეფასება მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა ის მხოლოდ და მხოლოდ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალა. 90 წუთის განმავლობაში მექვაბიშვილმა პასები 85-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, 2 საკვანძო გადაცემა შეასრულა და შვიდიდან ხუთი ორთაბრძოლა მოიგო.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ოთხი ტურის შემდეგ „კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატის თანალიდერია და „ფარულს“ მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ანზორ მექვაბიშვილი და მისი თანაგუნდელები 7 აგვისტოს, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის „ტრნავასთან“ გამართავენ, რომლის ღირსებასაც გიორგი მოისწრაფიშვილი იცავს.