„ენრიკემ და კვარამ რაღაც განსაკუთრებული მოიტანეს“ - დესაიმ სენ-ჟერმენზე ისაუბრა
2024-2025 წლების სეზონი „პარი სენ-ჟერმენის“ არსებობის ისტორიაში საუკეთესო გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ პარიზის გრანდის წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რასაც არამხოლოდ ქართველები, არამედ აბსოლუტურად ყველა საფეხბურთო ექსპერტი, თუ ვეტერანი მოთამაშე დაუფარავად აღნიშნავს. ამის დასტურია ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მარსელ დესაის ინტერვიუ, სადაც მან პსჟ-ის ბრწყინვალე ასპარეზობის მთავარ შემოქმედებად ლუის ენრიკე და კვარა დაასახელა.
მარსელ დესაი
სანამ ლუის ენრიკე „სენ-ჟერმენს“ ჩაიბარებდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ მწვერვალებს დაიპყრობდა. აბა ერთი წუთით დაფიქრდით და გაიხსენეთ, რა სიტუაცია დახვდა ასტურიელ სპეციალისტს გუნდში? გაუთავებელი კონფლიქტები, დაპირისპირება ფეხბურთელებს შორის და არაჯანსაღი ვითარება. ამას დაემატა ისეთი ვარსკვლავების წასვლა, როგორებიც ლიონელ მესი და ნეიმარი იყვნენ და მალევე კლუბი კილიან მბაპემაც დატოვა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადვილია მბაპეს დონის ფორვარდის გარეშე დარჩენა, რომელმაც თავის ბოლო პარიზულ სეზონში 44 გოლი გაიტანა, ძალიან ცდება.
ამ ყველაფრის შემდეგ ენრიკემ რა გააკეთა? დააწინაურა ახალგაზრდები. საუბარი მაქვს ბრედლი ბარკოლაზე, დეზირე დუეზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც ლუჩოს მსგავსად, პსჟ-ში რაღაც განსაკუთრებული მოიტანა. თუ მანამდე ყველას და მათ შორის მეც კვარა მხოლოდ მარცხენა ვინგერი გვეგონა, პსჟ-ში დაგვარწმუნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მარჯვნივაც ითამაშებს, დაცვაშიც და 90 წუთის განმავლობაში 13 კილომეტრს უპრობლემოდ დაფარავს.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ 2025 წლის იანვარში შეუერთდა მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.