დავით ლორთქიფანიძე
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელი სერია C-ში | რავენამ ლორთქიფანიძეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

იტალიურმა კლუბმა „რავენამ’’, რომელიც გასულ სეზონში სერია C-ში აღზევდა, 24 წლის ქართველ ფეხბურთელ დავით ლორთქიფანიძესთან ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„რავენას’’ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ქართველმა ნახევარმცველმა დიდი დინამიზმითა და თავგანწირული სულისკვეთებით გუნდში ადგილი და ნდობა მოიპოვა, მრავალმხრივი მოთამაშეა, რომელსაც ნახევარდაცვაში ბალანსის შექმნა შეუძლია’’.

„რავენა'' საინტერესო კლუბია, ვიცე-პრეზიდენტი არიედო ბრაიდაა, რომელიც „მილანში'' კახა კალაძესთან და „კრემონეზეში'' ლუკა ლოჩოშვილთან მუშაობდა. ბრაიდა 1986-2002 წლებში „მილანის'' აღმასრულებელი დირექტორი იყო, შემდეგ კი მილანურ კლუბში სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა, 2002-2013 წლებში. მოკლედ, მილანური კლუბის დიდი წარმატებების მონაწილეა.

გასულ სეზონში დავით ლორთქიფანიძემ სერია D-ს რეგულარულ ჩემპიონატში, სერია D-ს ფლეი-ოფსა და სერია D-ს თასზე საერთო ჯამში 31 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 6 გოლია. ერთი გოლი მან სერია D-ს ფლეი-ოფის ნახევარფინალში „პისტოიზეს’’ (ყოფილ გუნდს) გაუტანა. Transfermrkt-ის მონაცემებით, 6 გოლის გარდა 3 საგოლე პასი შეასრულა. 31 მატჩში 9 საგოლე მოქმედება საკმაოდ კარგი შედეგია.

ლორთქიფანიძეს საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ასაკობრივ ნაკრებებში ეროვნული ნაკრების მოქმედი მოთამაშეების - ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა გაგნიძის, ირაკლი აზაროვის, გიორგი გულიაშვილის, ივა გელაშვილის, შოთა ნონიკაშვილის თანაგუნდელი იყო.

დავით ლორთქიფანიძის უმცროსი ძმა დაჩი სერია A-ს „კრემონეზეს'' ფეხბურთელია. დაჩი ახალი სეზონისთვის დავიდე ნიკოლას ხელმძღვანელობით პირველ გუნდთან ერთად ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები