„არჩევანის თავისუფლება აუცილებელია“ - ჯოკოვიჩმა ვაქცინაციაზე ისაუბრა
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ისაუბრა. ახლახან, „ნოლეს“ მხარი ნიკ კირიოსმა დაუჭირა, რომელმაც განაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არავისთვის უნდა იყოს და ჯოკოვიჩი სწორედ ავსტრალიელი ჩოგბურთელის სიტყვებს გამოეხმაურა.
„სიმართლე გითხრათ, ეს მოულოდნელი იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ ვინაა ამ განცხადების ავტორი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად, მას აბსოლუტურად ვეთანხმები.
არჩევანის თავისუფლება აუცილებელია. მნიშვნელობა არ აქვს საუბარი ვაქცინაციას ეხება თუ რაიმეს სხვას. ადამიანს გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის გაკეთების უფლება ყოველთვის უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში კი ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ჩვენს ორგანიზმებში ხვდება. არჩევანის თავისუფლებას მხარს მთელი კარიერის განმავლობაში ვუჭერდი და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან ბედნიერებისთვის და წარმატებისთვის თავისუფლება აუცილებელია“.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორიას შტატის მთავრობამ, სადაც ავსტრალიის ღია პირველობა უნდა ჩატარდეს, განაცხადა, რომ არავაქცინირებული ჩოგბურთელები გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და არის შანსი, დიდი სლემის ტურნირი „ნოლეს“ გარეშე ჩატარდეს.