ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა წელი პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა.
მატჩის მასპინძელი რეგიონი, გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა და ამჯერად, შანსი მეკარე, ლაზარე კუპატაძესა და დებიუტანტს, დავით ვოლკოვს მიეცა, რომელმაც 41-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილის შედეგიანი გადაცემის შემდეგ, თავი გამოიჩინა და სადებიუტო გოლი გაიტანა (1-0). რაც შეეხება კუპატაძეს, შეიძლება ითქვას, რომ მატჩის მიმდინარეობისას მას განსაკუთრებულად ბევრი საქმე არ ჰქონია.
მეორე ტაიმში გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე ოქრიაშვილი იხილა. ოქრიაშვილი მოედანზე დავითაშვილის ნაცვლად გამოჩნდა, ხოლო ყაზაიშვილი კვარაცხელიამ შეცვალა. ვილი სანიოლმა აღნიშნული ცვლილებები 61-ე წუთზე განახორციელა. დაახლოებით 10 წუთში ერთადერთი გოლის ავტორმა დაგვტოვა და მის მაგივრად შეხვედრაში გიორგი წიტაიშვილი, ხოლო ვაკო გვილიას ნაცვლად - გიორგი აბურჯანია ჩაერთო.
მატჩის მიწურულს ირაკლი აზაროვსა და მეტოქე ნაკრების ფეხბურთელს შორის გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი, მატჩის მთავარმა არბიტრმა, უკრაინელმა ვიტალი რომანოვმა ორივე მათგანი 84-ე წუთის მიმდინარეობისას გააძევა და ნაკრებები 10 კაცით დარჩნენ.
გორში შეკრებილმა მაყურებელმა 86-წ წუთზე გურამ გიორბელიძეც იხილა, რომლისთვისაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უცხო არ არის. მოგეხსენებათ, მარცხენა მცველი სწორედ გორის დილაში ასპარეზობდა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მატჩი უკრაინელმა არბიტრებმა განსაჯეს - შეხვედრის მთავარი მსაჯი ვიტალი რომანოვი იყო, რომელსაც ასისტენტობას სემენ შლონჩაკი და ვალენტინ კუცევი უწევდნენ, მეოთხე არბიტრი კი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).
ამით, ჩვენმა ნაკრებმა კალენდარული წელი დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავს.
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, უეფას ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება. მატჩები 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩატარდება.