„გულიაშვილის შენარჩუნება რთული იქნება“ - სარაევოს მწვრთნელი
ბოსნიური „სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა გუნდის ქართველ შემტევზე, გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა.
როგორც ხორვატმა სპეციალისტმა Germanijak-თან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ „სარაევოს“ ისეთ თანხებს სთავაზობენ, რომ დიდი ალბათობით კლუბი მის გაყიდვას გადაწყვეტს.
„გულიაშვილის შენარჩუნება რთული იქნება. ეს უბრალოდ შეუძლებელია, როდესაც საუბარია ისეთ თანხებზე, რასაც მის სანაცვლოდ გვთავაზობენ. თუმცა გუნდი აუცილებლად გაძლიერდება, ჩვენ ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა გვსურს“.
როგორც რამდენიმე დღის წინ ბოსნიური მედიიდან გახდა ცნობილი, MLS-ის კლუმა „სარაევოს“ გულიაშვილის სანაცვლოდ 3,7 მილიონი დოლარი შესთავაზა. დიდია ალბათობა, რომ ქართველი „სარაევოს“ კონფერენს ლიგაზე „უნივერსიტატეა კრაიოვასთან“ მატჩებში დაეხმარება, ზაფხულის ბოლოს კი ბოსნიურ კლუბს დატოვებს.
CrystalSport-ის ცნობით, გულიაშვილს რუსეთიდან ფინანსურად მიმზიდველი წინადადებები ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა რუსეთში თამაშზე კატეგორიული უარი თქვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია.
ცნობისთვის, გულიაშვილს ბოსნიაში წარმატებული სეზონი ჰქონდა - მან 37 მატჩში 16 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. გიორგიმ გასულ სეზონში ბოსნიის თასი მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „სარაევოსთან“ მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.