„ერთ ქართველს მეორეც მოჰყვა“ - აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „კოლხეთი 1913“-ის შემტევით გიორგი აბუაშვილით ფრანგული „მეცი“ ინტერესდებოდა და მხარეებს შორის შეთანხმებაც ახლოს იყო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გარიგება შედგა.
Footmercato-ს ცნობით, 22 წლის ქართველი ფორვარდი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით „მეცის“ ღირსებას დაიცავს.
„ერთ ქართველს მეორეც მოჰყვა. გიორგი წიტაიშვილის მოსვლიდან რამდენიმე დღეში, მეცში გიორგი აბუაშვილის ჯერი დადგა. 22 წლის ასაკში ის საქართველოს ჩემპიონატიდან ჩამოვიდა. იგი ჩვენთან კოლხეთიდან ერთწლიანი იჯარით ითამაშებს“.
- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, გიორგის გადაბირება „ბრისტოლ სიტის“, „ხეტაფეს“, „ელჩეს“, „გენგამსა“ და „ესპანიოლსაც“ სურდათ.
შეგახსენებთ, 18 წლის ასაკში აბუაშვილი „პორტუმ“ თბილისის „დინამოდან“ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის პორტუგალიური კარიერა წარმატებული არ ყოფილა. რუმინულ „პეტროლულში'' გატარებული მცირე დროის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოთის „კოლხეთში“ ფორმა აღიდგინა.