„სტრასბურგთან თამაში ყოველთვის რთულია“ - ენრიკეს მატჩისწინა პრესკონფერენცია
ლიგა 1-ის მეოცე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „სტრასბურგს“ ესტუმრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის წილისყრაზე, „ლანსთან“ კონკურენციაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
რა თქვა ენრიკემ:
„ჩემპიონთა ლიგის წილისყრა? მიჩვეულები ვართ კონკურენციას და ჩემპიონთა ლიგაზე ეს კონკურენცია უმაღლეს დონეს აღწევს. ამ ტურნირის მოგება გვინდა და ვიცით, რომ რთული კალენდარი გვექნება. მიხარია, რომ ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ. მოქმედი ჩემპიონები ვართ, მაგრამ ყველა მატჩს თავისი სირთულე აქვს და ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა მეტოქე, ვისაც ვეთამაშეთ, სატურნირო ცხრილში მაღალ პოზიციებზეა.
ლიგა 1-ს რომ დავუბრუნდეთ, „ლანსი“ მოგებას აგრძელებს, ჩვენ კი პროგრესირება და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. „ლანსი“ ჩვენი მთავარი კონკურენტია, ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგეს. მომწონს ეს ზეწოლა, რომელსაც ჩვენზე ახორციელებენ.
„სტრასბურგი“ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, ეს ყველა მატჩში ჩანს. ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ, ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელით. ცოტა ხნის წინ მწვრთნელი შეცვალეს, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია.
დრო ფერნანდესის ტრანსფერი? რთულია ისეთი ხარისხიანი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც ჩვენს გუნდს გააძლიერებდა. დრო კარგი ფეხბურთელია, ახალგაზრდაა და წინ დიდი მომავალი აქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმუშაოთ მასთან და პროგრესირებაში დავეხმაროთ.
ბედნიერი ვარ, რომ 3 კარგი მეკარე მყავს. ზოგადად, ყველა პოზიციაზე კონკურენცია სასარგებლოა - ასეთია თანამედროვე ფეხბურთი. ვიტინიას რაც შეეხება, ვისურვებდი, რომ მას დასვენების საშუალება ჰქონოდა, მაგრამ კალენდარი ძალიან დატვირთულია“.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია „ნიუკასლთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის და უახლოეს შეხვედრაში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. სტრასბურგისა და პსჟ-ის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.