ქართული დაპირისპირება არ შედგა - ორლანდომ ტორონტოს მოუგო
„ორლანდო“ – „ტორონტოს“ შეხვედრა NBA-ში ბოლო პერიოდში მუდამ ქართველი გულშემატკივრების დიდ ყურადღებას იქცევს, თუმცა გუშინდელ დაპირისპირებას ეს ყურადღება მცირედით მოაკლდა, რადგან გოგა ბითაძე „მეჯიქის“ რიგებში ამჯერადაც არ გამოჩენილა და ფლორიდელებმა კანადელები ქართველი ცენტრის გარეშე 130:120 დაამარცხეს. სამაგიეროდ იასპარეზა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც წინა მატჩების მსგავსად შედეგიანი არ იყო, მაგრამ ქულათა გარკვეულ რაოდენობას თავი მაინც მოუყარა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბითაძეს არ უთამაშია. მამუკელაშვილმა კი პარკეტზე გატარებულ 24 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. „რეპტორსის“ 26 წლის ქართველმა ფორვარდმა ერთიდან ერთი ორქულიანი და ექვსიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრიდან ქულების დაგროვების სამივე მცდელობა კი მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
ცნობისათვის, 29 მოგებითა და 21 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენვიაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ორლანდოს“ ანგარიშზე 25 მოგება და 22 მარცხია და მეშვიდე პოზიციას იკავებს.