გოჩოლეიშვილმა ბაიერნთან ითამაშა | ჰამბურგმა ჩემპიონთან ქულა აიღო
ბუნდესლიგის მე-20 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ მოქმედი ჩემპიონი, მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. 34-ე წუთზე იოზუა კიმიხმა საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია, პენალტი კი უშეცდომოდ ფაბიო ვიეირამ შეასრულა.
„ბაიერნმა“ ანგარიშის გათანაბრება 42-ე წუთზე შეძლო - ჰარი კეინმა ახლო მანძილიდან „ჰამბურგის“ კარი აიღო და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმში მოედანზე ლუის დიასი გამოჩნდა და უკვე 45 წამში ბაიერნი დააწინაურა - ასისტი მაიკლ ოლისეს ანგარიშზეა. თუმცა უკვე 53-ე წუთზე „ჰამბურგის“ მცველმა, ლუკა ვუშკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. საბოლოო ჯამში, „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონთან ქულის აღება შეძლო - 2:2.
რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, ქართველი განაპირა მცველი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა და ხშირ შემთხვევაში კოლუმბიელი ლუის დიასის წინააღმდეგ უწევდა თამაში.
Sofascore-მა გოჩოლეიშვილის თამაში 7.0 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 10 შეხება ბურთთან, 8-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 3 არაზუსტი პასი და 3 დაკარგული ბურთი.
30 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ 19 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოჩოლეიშვილის გუნდი “ 7 თებერვალს, გასვლაზე, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმის“ წინააღმდეგ გამართავს.