კარმელოს ისტორიული საღამო - ლეიკერსმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

კარმელოს ისტორიული საღამო - ლეიკერსმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ „მემფის გრიზლისი“ დაამარცხეს და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, 121-118 სძლიეს.

„ლეიკერსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო, თუმცა მე-3 მეოთხედი ჩააგდო და გადამწყვეტ თორმეტწუთეულს 3-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა. ლოს-ანჯელესელებმა ბოლო მეოთხედში ძალების მობილიზება შეძლეს და თამაში შემოაბრუნეს.

„ლეიკერსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი კარმელო ენტონიმ შეიტანა. „მელომ“ 28 ქულა ჩააგდო და NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ლებრონ ჯეიმსს მოკრძალებული მატჩი ჰქონდა და 19 ქულას, 6 მოხსნასა და ამდენივე ასისტს დასჯერდა. ენტონი დევისმა 22 ქულა და 8 მოხსნა გაიფორმა. რასელ უესტბრუკმა 13 ქულა, 7 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა ბურთი 9-ჯერ დაკარგა.

„მემფისს“ 40 ქულითა და 10 პასით ჯა მორანტმა ულიდერა. ეს უკანასკნელი „გრიზლისის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა და 10 ასისტი დააგროვა. მორანტის გარდა, 17 ქულით დესმონდ ბეინი გამოირჩა, სტივენ ადამსს კი 14 ქულა, 16 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა.

„მემფისის“ დამარცხების შემდეგ, „ლეიკერსს“ 1 მოგება და 2 წაგება აქვს. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს გამართავენ და ტექსასში „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდებიან.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები