''ანტივაქსერი არ ვარ'' - კიმიხმა ახსნა თუ რატომ არ გაიკეთა ვაქცინა
Aa
Aa

''ანტივაქსერი არ ვარ'' - კიმიხმა ახსნა თუ რატომ არ გაიკეთა ვაქცინა

მიუნხენის ''ბაიერნის'' ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა ''ჰოფენჰაიმთან'' მოგებული შეხვედრის შემდეგ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ისაუბრა. მოთამაშე ერთ-ერთია ''ბაიერნის'' იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელსაც ვაქცინა არ გაუკეთებია. იოზუა გერმანულ Sky Sport-ს ესაუბრა.

''მსურს ვაქცინის გრძელვადიან შესწავლას დაველოდო თუ რა ნაკლოვანებები აქვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ზიანი არ მოაქვს. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა მაქვს საზოგადოების მიმართ,  ვიცავ ჰიგიენას და ვიკეთებ ტესტს ყოველ 2-3 დღეში. თითოეულმა ადამიანმა ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. 

კატეგორიულად ვამბობ, რომ არ ვარ ანტივაქსერი. ასევე, შესაძლოა მომავალში ვაქცინა გავიკეთო, თუმცა ამ ეტაპზე არ ვაპირებ.

გარკვეული თანხა Unicef-ში გადავრიცხეთ, რომ ვაქცინა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ვაქცინის გაკეთება პირადი არჩევანია''.

კიმიხი გერმანული გრანდის ხუთ მოთამაშეს შორისაა, რომლებსაც კორონავირუსის  ვაქცინა არ გაუკეთებიათ, თუმცა 26 წლის ფეხბურთელმა პანდემიის საწინააღმდეგო კამპანია (#WeKickCorona)  დააარსა და ფონდში 600 000 აშშ დოლარი გადარიცხა. ანალოგიურად ამდენივე თანხა ჩარიცხა ლეონ გორეცკამ.

მოგვიანებით, ამ კამპანიაში გერმანელი სპორტსმენები, ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი და NBA-ს მოთამაშე დენის შრიოდერი ჩაერთვნენ. ამ ეტაპზე ფონდში არსებული თანხა 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

BILD-ის ინფორმაციის გერმანიის ბუნდესლიგაში ათამდე ფეხბურთელს ვაქცინა არ გაუკეთებია. შედარებისთვის, სექტემბრის დასაწყისში NBA-ს კალათბურთელთა 95 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგ ვაქცინით აცრილი იყო.

ამ თემასთან დაკავშირებით ''ბაიერნის'' სპორტულმა დირექტორმა ჰასალ სალიჰამიჯიჩმა განაცხადა: 

''ეს ნამდვილად მისი პირადი საკითხია, თითოეული მოთამაშე გადაწყვეტილებას თავად იღებს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები