ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმს მოაგებინა - მეორე გოლი სეზონში
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტური ბუდუ ზივზივაძისთვის წარმატებული გამოდგა. „ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად „ფიურტი“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი საქართველოს ნაკრების 32 წლის ფორვარდმა გაიტანა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საოცარი საგოლე ალღო აქვს და კრიტიკულ სიტუაციაში გუნდისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანა შეუძლია.
ბუდუ ტრადიციულად „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქე გუნდის მცველებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა. მეთორმეტე წუთზე კი საჯარიმოში კარგად გაიხსნა და მარსელ კოსტლის ჩაწოდების შემდეგ ბრწყინვალე თავური დარტყმით როგორც შემდგომში აღმოჩნდა, სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ზივზივაძემ მოედანზე გატარებულ 85 წუთში 1 საკვანძო პასი შეასრულა, გადაცემები 67-პროცენტიანი (18-დან 12) სიზუსტით გაანაწილა და დრიბლინგის 5 მცდელობიდან 3 წარმატებით დაასრულა.
ცნობისათვის, ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე მიმდინარე მეორე ბუნდესლიგაში ოთხ ტურში ორი გოლია, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ 9 ქულით მესამე ადგილზეა და ელიტის საგზურისთვის იბრძვის. მომდევნო ტურში ბუდუ და მისი თანაგუნდელები „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლებენ, სადაც გიორგი ქვილითაია თამაშობს - ეს მატჩი 13 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 წუთზე დაიწყება.