„მჯერა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ | კვარაცხელიამ ოქროს ბურთზე ისაუბრა
„ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი წლევანდელ დაჯილდოებაზე საუბრობს.
— „ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში შენი კონკურენტების უმრავლესობამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. როგორ ფიქრობ, ოქროს ბურთის მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გარეშე შესაძლებელია?“
ხვიჩა: „ეს ჩემზე კი არა, იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც ხმის მიცემაში მონაწილეობენ და გადაწყვეტილებას იღებენ. თუმცა, ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, ამ ფეხბურთელებს შორის ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ცხოვრებაში და ფეხბურთში მჯერა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს პარი სენ-ჟერმენში ვთამაშობ და ძალიან ამაყი ვარ“.
— „ძველმა ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ ოქროს ბურთის ჯილდოზე მათი ფავორიტი ხარ. მიშელ პლატინიზე და ტონი კროოსზე გვაქვს საუბარი“.
ხვიჩა: „სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ფეხბურთელები, ნამდვილი ლეგენდები, მსგავს განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ ოქროს ბურთს ვიმსახურებ. უკვე უდიდესი სიამოვნებაა, როცა ამ პლანეტაზე თუნდაც ერთ ადამიანს მაინც სჯერა, რომ ასეთი ჯილდოს მოგებას ვიმსახურებ. ეს ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ და მინდა, იმავე დონეზე გავაგრძელო. ვნახოთ, ცხოვრება რას მიმზადებს, ყველაფრისთვის მზად ვარ“.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, 26 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებული სწორედ ინგლისის დედაქალაქში გამოვლინდება.