მამუკელაშვილმა NBA-ში შეაბიჯა - მილუოკიმ ბრუკლინი გაანადგურა
Aa
Aa

მამუკელაშვილმა NBA-ში შეაბიჯა - მილუოკიმ ბრუკლინი გაანადგურა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 75-ე სეზონი „მილუოკი ბაქსისა“ და „ბრუკლინ ნეთსის“ დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩის დაწყებამდე საზეიმო ცერემონია გაიმართა და „მილუოკის“ კალათბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს საჩემპიონო ბეჭდები გადასცეს, „ფისერვ ფორუმზე“ კი მორიგი საჩემპიონო ბანერი აღმართეს.

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა ახალი სეზონი ბრწყინვალე სტილში გახსნა და საკმაოდ ძლიერი მეტოქე 127-104 დაამარცხა. „ბაქსს“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა, რომელმაც 32 ქულა, 14 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა გაიფორმა. კრის მიდლტონსა და პეტ კონოტონს 20-20 ქულა ჰქონდათ, ნვორამ და ჰოლიდეიმ კი 15 და 12 ქულა დააგროვეს. „ნეთსის“ რიგებში 32 ქულითა და 11 მოხსნით კევინ დურანტი გამოირჩა. პეტი მილსის ანგარიშზე 21 ქულა იყო, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა 20 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ბრუკლინისა“ და „მილუოკის“ მატჩი კალათბურთის ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. „ბაქსის“ რიგებში ქართველმა მძიმე ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა და „მამუმ“ NBA-ში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. 22 წლის ქართველმა პარკეტზე 7 წუთი და 2 წამი გაატარა და 1 მოხსნასა და ამდენივე შედეგიან გადაცემას დასჯერდა. „მამუმ“ მეტოქის ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია, მაგრამ ლიგაში პირველი ქულების დაგროვება ვერ მოახერხა.

„ბრუკლინის“ დამარცხების შემდეგ, „მილუოკის“ მომდევნო შეხვედრა 22 ოქტომბერს, „მაიამი ჰიტთან“ ელის, „ნეთსი“ კი ახალ სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას „ფილადელფიასთან“ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები