„ოთხი ბეჭედი მაქვს და მათი აზრი არ მაღელვებს“ - პარკერის პასუხი
ამერიკის შეერთებულ შტატებში კალათბურთი რომ ნომერ პირველ სპორტის სახეობად ითვლება, ამის თაობაზე უკვე დიდი ხანია ცნობილია. პლუს ამას, როგორც გულშემატკივრებს, ასევე ექსპერტებს მოსწონთ სხვადასხვა ამპლუების მიხედვით ყველა დროის ტოპ-ათეულის, ან ტოპ-ხუთეულის შედგენა. ასეთ ათეულებსა და ხუთეულებში კი ბოლო პერიოდში ტონი პარკერისთვის ადგილი აღარ მოიძებნება, თუმცა ამაზე ლეგენდარული ფრანგი კალათბურთელი საერთოდ არ ნერვიულობს, რაზეც მისი კომენტარიც კარგად მეტყველებს:
„ეს ოდნავადაც არ მაღელვებს, რადგან დიდების დარბაზის წევრი ვარ და NBA-ს ჩემპიონი ოთხჯერ გავხდი. თქვენი აზრით, რაიმე უნდა მაღელვებდეს? ანუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მოსაზრება, რომლებიც ექსპერტები ან არიან და ან არა, ხუთეულში, ან ათეულში გამთამაშებლებს შორის რომ არ შემიყვანენ, ამაზე უნდა ვინერვიულო? ჩემი კარიერა ისე განვითარდა, ყველაზე ტკბილ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი და ჩემი თაობა „სან ანტონიოს“ აბსოლუტურად ყველა გულშემატკივარს მუდამ ემახსოვრება“.
შეგახსენებთ, რომ ტონი პარკერი „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში გახდა, აქედან 2007 წელს ფინალის MVP-ის პრიზი მიიღო, ხოლო ALL STAR-ში ექვსჯერ, 2006, 2007, 2009, 2012, 2013 და 2014 წლებში მოხვდა. აქვე გეტყვით, რომ კარიერის მანძილზე მის ანგარიშზე 19 473 ქულა, 3 396 მოხსნა და 7 036 გადაცემაა.