ცინცაძე: ''2003 წელს რუსებს უარი ვუთხარი, საქართველოსთვის თამაში გადავწყვიტე''
Aa
Aa

ცინცაძე: ''2003 წელს რუსებს უარი ვუთხარი, საქართველოსთვის თამაში გადავწყვიტე''

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი ცინცაძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა. ვრცელ ინტერვიუში 35 წლის გამთამაშებელმა მოსკოვის ცსკა-ში ყოფნის პერიოდი გაიხსენა (2003-04), როცა რუსეთის ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ, თუმცა მან უარი თქვა.

„2003 წელს მოსკოვის ცსკა-ში გადავედი. შემომთავაზეს რუსეთის მოქალაქეობა, რაც, შესაძლოა, უკეთეს ფინანსურ პირობებს ნიშნავდა, მაგრამ მაშინ, სრულიად დამოუკიდებლად გადავწყვიტე მეთამაშა საქართველოს ნაკრებში. რუსებს უარი ვუთხარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებმა რამე დაკარგა. რა თქმა უნდა, დღეს არ ვნანობ, სწორ ნაბიჯად მიმაჩნია და ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ვარ.“

აღსანიშნავია, რომ გიორგი ცინცაძე ჩატარებული მატჩების მიხედვით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია (187).

2006 წელს გიორგი ცინცაძემ მოსკოვის ''დინამო'' დატოვა და კარიერა ესტონურ ''ტარტუში'' გააგრძელა.

„მოსკოვის ცსკა-ში 17 წლის ასაკში გადავედი, ახალგაზრდა ვიყავი და დრო ცოტა მქონდა. ვითამაშე სხვა რუსულ გუნდებშიც, მაგრამ ესტონეთში სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი, ასაკის მიუხედავად ბევრს ვთამაშობდი და ბალტიის ლიგაზე „ჟალგირისისა“ და „რიტასის“ დონის გუნდებთან შემეძლო მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები“.

კითხვაზე თუ რომელია მისი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ეროვნულ ნაკრებში, ცინცაძე ფინეთთან დაპირისპირებას იხსენებს.

„შემიძლია დაუფიქრებლად ვთქვა – ჩემი პირველი ოფიციალური თამაში საქართველოს ნაკრების მაისურით. 2004 წელს თბილისში 12 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ფინეთი დავამარცხეთ. ის ემოცია, რაც დარბაზში იყო, ახლაც საოცრად მახსენდება. თუმცა მას მერე ჩვენმა ნაკრებმა ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები