19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: „მეტოქის ფეხბურთელები ტოპ გუნდებში თამაშობენ, მაგრამ მოგება ყველასთან შეიძლება"
ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 13 ჯგუფით დაკომპლექტდება. ჩვენი გუნდი X ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას ნორვეგიას, უელსსა და კოსოვოს გაუწევს. შეხვედრები მიმდინარე წლის 6-12 ოქტომბერს გაიმართება, მატჩების მასპინძელი კი ნორვეგია იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპამდე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრები გამართა, მათ შორის, 2 შეხვედრა სტუმრად, ტალინში, ესტონეთის წინააღმდეგ, სადაც დრამატულ მატჩში, „ქამბექი" 3 წუთში შემოგვთავაზა.
დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, სპორტი იმედზე, სტუმრად საქართველოს 19-წლამდე და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებების მთავარი მწვრთნელები იმყოფებოდნენ. სხვადასხვა, საინტერესო ამბის გარდა, საუბარი სწორედ აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპს შეეხო.
ვასილ მაისურაძე - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი
4 ამხანაგური მატჩი უკვე ვითამაშეთ - 3 მოვიგეთ, 1 ფრედ დავასრულეთ. მეტი მატჩის ჩატარება უკეთესი იქნებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა უელსთან გვაქვს, შემდეგ კოსოვოსთან, შემდეგ კი - ნორვეგიასთან ველოდებით, რომ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. ჩავდივართ როგორც ერთ-ერთი ფავორიტი.
ნორვეგიას კარგი გუნდი ჰყავს, რთული იქნება, თუმცა ვნახოთ. ამ ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა ტოპ გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკითხი ასე დგას - მატჩი მოსაგებია. მწვრთნელზე დამოკიდებული ბევრია. ერთი მატჩის მოგება ყველასთან შეიძლება, შენ თუ სწორად ეთამაშები, შეცდომას ყველა დაუშვებს. მთავარი ბრძოლისუნარიანი და მოტივირებული გარემოს შექმნაა.
მატჩები მიმდინარე წლის 6-12 ოქტომბერს გაიმართება, მატჩების მასპინძელი კი ნორვეგია იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი
6 ოქტომბერი | უელსი v საქართველო
9 ოქტომბერი | საქართველო v კოსოვო
12 ოქტომბერი | საქართველო v ნორვეგია
ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.
19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია