მაისურაძე სანიოლზე: „ოქტომბრის მატჩებს დაველოდოთ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დალაგდება
Aa
Aa

მაისურაძე სანიოლზე: „ოქტომბრის მატჩებს დაველოდოთ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დალაგდება"

მიმდინარე თვეში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში, კოსოვოს წინააღმდეგ ანგარიშით - 0-1 დამარცხდა, შემდეგ კი ესპანეთთან გასვლით მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუშვა (4-0), რასაც ამხანაგურ შეხვედრაში, ბულგარეთთან, სოფიაში მარცხიც მოჰყვა (4-1).

საერთო ჯამში, გასულ 3 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, სპორტი იმედზე, სტუმრად საქართველოს 19-წლამდე და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებების მთავარი მწვრთნელები იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა, საინტერესო ამბის გარდა, საუბარი წარიმართა საქართველოს ეროვნული ნაკრების გასული მატჩებისა და ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელის, ვილი სანიოლის ირგვლივ.

ვასილ მაისურაძე (19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი) ვილი სანიოლთან ურთიერთობაზე

ვილი სანიოლი პრო ლიცენზიის კურსებზე იყო მოსული. გეცოდინებათ, რომ ის მწვრთნელებს ცალკე შეხვდა, კარგი პრეზენტაციაც შემოგვთავაზა. დროის სიმცირის მიუხედავად, მან თავისი ფილოსოფია და ხედვა წარმოადგინა, რაც ჩვენთვის მისაღებია. 

ნაკრებში არსებულ გარემოზე

როგორ უნდა შექმნა ნაკრებში ისეთი გარემო, რომ ყველა ბოლომდე დაიხარჯოს, ასე ამის, ცალკე განმარტება არ არსებობს. რთული პროცესია.

რა თქმა უნდა, ამაზე ასაკობრივ ნაკრებებში ვზრუნავთ. ჩვენი, 19-წლამდე ნაკრების გასული შეკრებაზე აქედან დაიწყო. პირველად ადგილზე დამოკიდებულებაა - როცა ნაკრებში მოდიხარ, ასაკობრივია ეს თუ ეროვნული, მნიშვნელობა არ აქვს, შენს უკან მთელი ქვეყანა დგას, ამიტომ დამოკიდებულება საქმისადმი ძალიან სერიოზული უნდა იყოს. ამის შემდეგ განვიხილავთ როგორც ფეხბურთელს და მოედანზე გავდივართ.

ამ თემის ირგვლივ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ბევრს ველაპარაკებით. რამდენად ცდილობენ ეს მოედანზე გადაიტანონ ეს უკვე სხვა საკითხია.

სექტემბრის მატჩებსა და ოქტომბრის შეხვედრების მოლოდინზე

ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით შორიდან საუბარი რთულია.

მოდი, ასე ვთქვათ, ეროვნულ ნაკრებს 3 საკვანძო ფეხბურთელი ეკლდა. 3 კი არა, რომ დავფიქრდეთ, მეტიც გვაკლდა, ჩვენთვის 4-5 საკვანძო ფეხბურთელის არ ყოფნა კი სერიოზული დანაკლისია. 

სანიოლის ნაკრებში კარგიც იყო და იყო ჩავარდნაც, მაგრამ ახლა მხოლოდ ამას ვიტყვი - მოდი, ოქტომბრის მატჩებს დაველოდოთ და ნუ ვიჩქარებთ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დალაგდება, გამოსწორდება და მატჩებსაც მოვიგებთ.

ოქტომბრის შეხვედრების შემდეგ რაღაც-რაღაცებზე საუბრისა და შეფასების შესაძლებლობა უკვე იქნება.

ოქტომბერში ჩვენი ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 2 მატჩს გამართავს - 9 ოქტომბერს, ბათუმის სტადიონზე საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად, პრიშტინას ფადილ ვოკრი არენაზე, კოსოვოს ესტუმრება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის, შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ჯგუფში ასპარეზობს. ამ ეტაპზე, 5 მატჩის შემდეგ, სანიოლის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში, ბოლო, მე-5 ადგილს იკავებს (1 ფრე, 4 მარცხი / 2 გატანილი, 9 გაშვებული).

მთავარი ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები