Aa Aa
3 აგვისტო 2021  |  20:15

„მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა" - ხინჩეგაშვილმა კარიერა დაასრულა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 30 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელით გახდა.

სპორტსმენმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და დაწერა:

„მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა!

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.

რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის სიხარულის მოტანა. მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი.

ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი.

და ბოლოს, ბევრი ახსნის გარეშე, უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომლის უპირობო გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი".

რატომ არ მონაწილეობს ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში?

მიმდინარე წლის 6-9 მაისს, სოფიაში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი ჩატარდა, სადაც ხინჩეგაშვილს მონაწილეობა უნდა მიეღო. 30 წლის სპორტსმენმა კორონავირუსის გამო ხსენებულ შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მიიღო, შესაბამისად, მან ლიცენზია ვერ მოიპოვა.

გეტყვით, რომ ხინჩეგაშვილი 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიო (2015) ჩემპიონია. მის ანგარიშზე ასევე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალია.

სპორტსმენი მიმდინარე წლიდან მისი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მიერ დაარსებულ გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლას ხელმძღვანელობს. 

გავრცელებული, თუმცა ჯერ-ჯერობით, არაზუსტი ინფორმაციით, ყოფილი მოჭიდავე პოლიტიკაში გადაინაცვლებს.

გაზიარება:

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში