მხოლოდ 4 გეიმი დათმო - გორგოძემ პოლონურ ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო
Aa
Aa

მხოლოდ 4 გეიმი დათმო - გორგოძემ პოლონურ ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო

გასულ კვირას პოლონეთის ქალაქ გდინიაში ნათამაშები WTA-ის 250-იანი ტურნირიდან ეკო გორგოძე კიდევ ერთ პოლონურ ტურნირში ჩაერთო. ქართველმა ჩოგბურთელმა გროჯისკ მაზოვიეცკიში ITF-ის 60 000-იან გათამაშებაზე პირველი მატჩი გამართა.

ეკო რომ კარგ ფორმაშია, ბოლო კვირებმა ნათლად დაგვანახა, შესაბამისად, იგი რუმინელ ირინა ფეტეკაუსთან (WTA-ს რეიტინგში 247-ე) აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, ეს სტატუსი კი დამაჯერებლად გაამართლა - ორივე პარტია ორ-ორი ბრეიკით მოიგო - 6:2; 6:2.

გორგოძემ 2 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 44-დან 29 (66%), ხოლო მეორეზე 13-დან 6 (46%) ქულა მოიგო. თავად 5 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი მოწოდება კი ერთხელ დათმო.

ქართველი ტურნირზე, დალმა გალფისა და ჩაგლა ბუიუკაკჩაის შემდეგ, მე-3 ნომრადაა განთესილი და მომდევნო წრეში, ყველა ვარიანტში, განუთესავ მეტოქეს დაუპირისპირდება - დანიელა ვაისმანს (368-ე) ან ანა სოფია სანჩესს (261-ე).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები