Sportmediaset: მილანი ფსონს კვარაცხელიაზე აკეთებს
Aa
Aa

Sportmediaset: მილანი ფსონს კვარაცხელიაზე აკეთებს

ცნობილი იტალიური ვებგვერდის, Sportmediaset-ის ცნობით ''მილანი'' 20 წლის ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას ეცდება.

Metaratings-ის ცნობით ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის ''რუბინს'' დატოვებს და კარიერას ''მილანში'' გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებაში ''მილანის'' ექს-ფეხბურთელი კახა კალაძე აქტიურადაა ჩართული.  წყაროს ცნობით ხვიჩას ტრანსფერი კალაძის დამსახურება იქნება. Sportmediaset-ი არ წერს, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია, თუმცა იტალიურ კლუბს ქართველის შეძენის სურვილი ნამდვილად აქვს.

საინტერესოა, რომ ხვიჩამ დღეს Instagram-ის Story-ზე ატვირთა ფოტო შემდეგი წარწერით: ''ოცნებები ხდება''. შესაძლოა, ხვიჩას ეს წარწერა ტრანსფერის ერთგვარი მინიშნება იყოს.

მიმდინარე წლის აპრილში კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარში განაცხადა, რომ პაოლო მალდინიმ კვარაცხელიას თაობაზე დაურეკა და იტალიურ გრანდს 20 წლის ქართველი ტალანტის მიმართ ინტერესი ნამდვილად ჰქონდა.

ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი არ მალავს, რომ ყაზანის რუბინს კვარაცხელიას გაყიდვა სურს, თუმცა ჯუღელი ასევე აღნიშნავს, რომ 20 წლის ტალანტი მხოლოდ ტოპ კლუბში გადავა. ჯუღელის ვარაუდით კვარაცხელიას ტრანსფერი 15 ივლისამდე გაირკვეოდა, თუმცა ასე არ მოხდა და კვლავ ბუნდოვანია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტის მომავალი.

ამასობაში, ''მილანი'' შესაძლოა მარცხენა გარემარბმა ლეაომ დატოვოს, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგის ''ვულვზი'' იწვევს. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება, ხვიჩას სანაცვლოდ კი მილანს 15-20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ორივე ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ლეაოს კვარაცხელია შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები