''ვიმედოვნებთ, სეოკ-ი მიზეზს დაადგენს'' - ჩოგბურთის ფედერაცია კალაშნიკოვას კომენტარს ეხმაურება
Aa
Aa

''ვიმედოვნებთ, სეოკ-ი მიზეზს დაადგენს'' - ჩოგბურთის ფედერაცია კალაშნიკოვას კომენტარს ეხმაურება

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას ეხმაურება. 

შეგახსენებთ, ოქსანა კალაშნიკოვამ Twitter-ში დაწერა, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მიიღო, თუმცა ქართულ მხარეს შესაბამისი განაცხადი არ გაუგზავნია, რის გამოც ოლიმპიდიაზე ვერ ვიხილავთ.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადება

''საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში. მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები''.

კალაშნიკოვას პოსტი საკმაოდ ემოციური იყო:''ძალიან სევდიანი ამბავია, როცა გაიგე, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვე, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ.

ოლიმპიდიაზე ასპარეზობა ჩემი ოცნება იყო, თუმცა ახლა მხოლოდ ტირილი მსურს.

არ ვიცი რა მოხდა რეალურად, ოფიციალური პასუხი არავისგან მიმიღია, მაგრამ ფაქტია, რომ განაცხადი არ გააგზავნეს.

ყველა ქვეყანაში ამაყობენ, როცა მათი ქვეყნის მაქსიმალურად ბევრი სპორტსმენი ოლიმპიდიის ლიცენზიას იღებს, მაგრამ საქართველო მათ შორის არაა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები