ზუსტად 61 წლის წინ - მეტრეველის, მესხისა და ჩოხელის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე
1960 წლის 10 ივლისს, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
სსრკ-ს ეროვნულ გუნდში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა. გავრიილ კაჩალინმა ძირითად შემადგენლობაში გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი გაამწესა. მატჩის პირველი ტაიმი იუგოსლავიამ შეტევაში გაატარა, 43-ე წუთზე გალიჩის გოლით დაწინაურდა და საწყისი ნახევარი მინიმალური ანგარიშით მოიგო.
საბჭოთა კავშირმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა და 49-ე წუთზე, იუგოსლავიის ნაკრების კარი სლავა მეტრეველმა აიღო. ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა, ხოლო 113-ე წუთზე, პონედელნიკმა სსრკ დააწინაურა და საბჭოთა კავშირის ნაკრები პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
სხვათა შორის, სსრკ-ს წარმატება სენსაციად არ მოუნათლავთ, რადგან ტურნირი რამდენიმე წამყვანი ნაკრების გარეშე გაიმართა და საბჭოთა კავშირის ნაკრები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ.