„არასწორი არაფერი გაუკეთებია“ | იამალის მამის კომენტარი
„ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის მამა, მუნირ ნასრაუი მისი შვილისადმი გავრცელებულ კრიტიკას გამოეხმაურა. ნასრაუის სიტყვები Mundo Deportivo-მ გაავრცელა და იამალის მამამ ლამინის 18 წლის იუბილესთვის მიძღვნილ წვეულებაზე ილაპარაკა.
„კრიტიკას არ ვუსმენ, მხოლოდ საკუთარ თავს ვუსმენ. ჩემი მოსაზრება ასეთია - ლამინი ყველაფერს სწორად აკეთებს, სულ ესაა. იმის ნაცვლად, ხალხმა დაინახოს, მათ გარშემო რა ხდება, ისინი სხვებს უყურებენ და შურისგან კვდებიან.
ლამინი ახალგაზრდა ბიჭია. ხალხმა უნდა გაანალიზოს, რომ ის 18 წლის ახლახან გახდა. მას აქვს უფლება, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს. ყველას გვესმის, რომ პროფესიონალი სპორტსმენია, თუმცა სხვების მსგავსად, პატარა ბავშვი მასშიცაა.“
ცნობისთვის, იამალმა, საკუთარ იუბილეზე, შოუსთვის აქონდროპლაზიით დაავადებული ადამიანები (შეზღუდული ზრდის მქონე ადამიანები) დაიქირავა, რის გამოც სკანდალში გაეხვია. ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტრომ ქვეყნის პროკურატურას თხოვნით მიმართა, რომ „ბლაუგრანას“ მოთამაშის ქმედებები გამოიძიოს.