ედერსონი სიტის ტოვებს | ქალაქელებმა დონარუმას ტრანსფერი შეათანხმეს
„მანჩესტერ სიტის“ მეკარე, ედერსონი, „ფენერბაჰჩეში“ გადადის. ფაბრიციო რომანოსა და თურქული გამოცემების ინფორმაციით, კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და ბრაზილიელმა მეკარემ „ფენერს“ დადებითი პასუხი გადასცა.
„ფენერბაჰჩეს“ ედერსონის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო „სიტი“ მის შემცვლელად ჯანლუიჯი დონარუმას დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ქალაქელებმა“ „პარი სენ-ჟერმენის“ დაითანხმეს და გარიგების ოფიციალური დადასტურება მალე მოჰყვება.
დონარუმას სანაცვლოდ „სიტი“ 35 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც დამატებით 4 მილიონი ევროს ბონუსი დაემატება. იტალიელი მეკარე დღეს ჩაფრინდება ინგლისში და კლუბთან სამედიცინო შემოწმებას შუადღის საათებში გაივლის. ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დონარუმას წლიური ანაზღაურება 13 მილიონ ევროს (პლუს ბონუსები) შეადგენს და ჯიჯი „სიტისთან“ 2030 წლამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, პარიზელებმა ახალი მეკარე წარადგინეს. ლუკა შევალიე გუნდის ღირსებას 2030 წლამდე დაიცავს. რაც შეეხება დონარუმას, ის პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 161 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.