მესამედ ჩაიბარებს? | ქეცბაია ანორთოსისის ხელმძღვანელების რჩეულია
„ანორთოსისმა“ 2025/26 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. ფამაგუსტურმა კლუბმა პირველ შეხვედრაში „ომონია არადიპუს“ ვერ მოუგო, მეორე მატჩში კი, რომელიც სტუმრად გამართა, „ოლიმპიაკოს ნიქოზიასთან“ 1:2 დამარცხდა.
წარუმატებელი სტარტის შემდეგ „ანორთოსისის“ ხელმძღვანელები ცვლილებების გატარებაზე დაფიქრდნენ. კვიპროსული გამოცემების ინფორმაციით, კლუბი მთავარი მწვრთნელის, ხოაკინ გომესის გაშვებას აპირებს და მის შემცვლელს ეძებს.
Goal-ის ინფორმაციით, „ანორთოსისის“ მმართველების ყურადღების ცენტრში თემურ ქეცბაია იმყოფება. ქართველი სპეციალისტი ფამაგუსტურ კლუბს ძალიან კარგად იცნობს და როგორც კვიპროსული გამოცემა წერს, ის „ანორთოსისის“ სიის სათავეში იმყოფება. მხარეებს შორის კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, თუმცა შესაძლოა, სიტუაცია მალე შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი 2004-09 წლებში იყო და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. ფამაგუსტელების დატოვების შემდეგ, ქეცბაია გუნდს 2019-22 წლებში დაუბრუნდა და შესაძლოა, „ანორთოსისი“ მესამედ ჩაიბაროს.