„ნათელი წერტილი იყო“ | პორტუგალიურმა გამოცემამ ქოჩორაშვილის დებიუტი შეაფასა
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ლისაბონური კლუბი ამხანაგურ მატჩში „სელტიკს“ დაუპირისპირდა და ქართველ ნახევარმცველს სათამაშო დრო სწორედ შოტლანდიური კლუბის წინააღმდეგ მიეცა.
ქოჩორაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. „სპორტინგმა“ თამაში ვერ გადაარჩინა და 0:2 წააგო. პორტუგალიური გამოცემა Zerozero გიორგის ასპარეზობას გამოეხმაურა და მისი თამაში პოზიტიურად შეაფასა.
„გიორგი ქოჩორაშვილი რუი სილვასთან ერთად სელტიკთან მატჩის ნათელი წერტილი იყო. რა მაგარი გამოსვლა ქართველი ფეხბურთელისგან! მან რამდენიმე საოცარი გადაცემით, რომლებითაც თამაში გახსნა, საკუთარი თავი პუბლიკას მალევე გააცნო და ერთადერთი იყო, ვინც წაგების თავიდან ასარიდებლად დაუღალავად იბრძოდა. მხოლოდ ჰიულმანდის პოზიცია კი არ დაიკავა — გუნდის ლიდერობაც საკუთარ თავზე აიღო,“ — წერს პორტუგალიური გამოცემა.
ცნობისთვის, „სპორტინგმა“ ქოჩორაშვილი 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა (პლუს 2 მილიონი — ბონუსების სახით). გიორგიმ ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა. „სპორტინგი“ მომდევნო შეხვედრას 21 ივლისს გამართავს და „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება.