„მკვლელები მოძალადეების წინააღმდეგ“, - რობინიო ციხეში მწვრთნელის როლს ირგებს
ჯგუფური გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული რობინიო, რომელსაც 9 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ციხეში ფეხბურთის გუნდს ავარჯიშებს.
ჟურნალისტი ულისეს კამპბელი წერს, რომ ბრაზილიის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არაოფიციალური თამაშების მონაწილეები ჩვეულებრივ იყოფიან პრინციპით - დაოჯახებულები vs დასაოჯახებლები, ან მაისურიანები მაისურის გარეშე მყოფების წინააღმდეგ. მაგრამ ტრამემბეში (ციხე სადაც რობინიო სასჯელს იხდის) გუნდებში გადანაწილება დანაშაულების მიხედვით ხდება.
„ისინი იმდენად შორს მიდიან, რომ მართავენ მატჩებს სახელწოდებით - „მკვლელები“ „მოძალადეების“ წინააღმდეგ. სერიოზულად. და ერთ-ერთ ასეთ გუნდს რობინიო წვრთნის“.
- წერს ჟურნალისტი.
კამპბელის აზრით, ცნობილი პატიმრების ყოფნა ციხეში სხვა მსჯავრდებულებისთვის გარკვეულ დამატებით პრივილეგიებს ქმნის. მათ შორის გაძლიერებულ დაცვასა და სხვა იმ სიკეთეებს, რაც ჩვეულებრივ დაწესებულებებში არ არის.
„წარმოიდგინეთ, რა უპირატესობაა, იყო ციხეში, გიყვარდეს ფეხბურთი და ისეთ ოსტატთან ვარჯიში გიწევდეს, როგორიც რობინიოა“.
- აღნიშნავს ულისეს კამპბელი.
მისი თქმით, სხვა პატიმრების მეგობრებსა და ახლობლებს შორის რობინიოს ნახვის სურვილმა ციხის სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
„საოცარია, მაგრამ ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, რადგან მსჯავრდებულთა ნათესავები რობინიოს ნახვას ცდილობდნენ“.
შეგახსენებთ, რომ რობინიოს ბრალი სამი წლის წინ, იტალიის სასამართლომ წარუდგინა და დამნაშავედ ცნო. იტალიის მთავრობამ მისი ექსტრადიცია მოითხოვა, მაგრამ ბრაზილიის კონსტიტუციის მიხედვით, საკუთარი მოქალაქის ექსტრადიცია აკრძალულია, რის გამოც, იტალიელმა სამართალდამცველებმა მოითხოვეს, რობინიოს სასჯელი სამშობლოში მოეხადა. შედეგად, რობინიოს საქმეზე ბრაზილიის სასამართლომ პროცესი დაიწყო და ვერდიქტი გამოიტანა. მოსამართლემ იტალიელთა ვერდიქტი ძალაში დატოვა და რობინიო სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.
ბრაზილიური სასამართლოს მიხედვით, რობინიო სასჯელს ციხეში მოიხდის და არა საკუთარ სახლში. შეგახსენებთ, რომ რობინიოსთან მასთან ერთად კიდევ 4 ბრაზილიელი მამაკაცი გაასამართლეს. რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იტალიური სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის აღსრულების მომხრეა. მისი სასჯელი 2013 წელს მომხდარ დანაშაულს უკავშირდება.