ვარჯიშზე დაიმტვრა - ბარსამ ბალდე 1 თვით დაკარგა
ალეხანდრო ბალდემ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მოედანს თითქმის 1 თვით ჩამოშორდა.
„ბარსელონამ“ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცხენა მცველს, მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის მსუბუქი დაზიანება აქვს.
„ალეხანდრო ბალდეს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება აღენიშნება, რომელიც ვარჯიშზე მიიღო. მისი ხელმისაწვდომობა დამოკიდებული იქნება აღდგენით პროცესზე“.
- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
Defender Alejandro Balde suffered a slight injury to his left hamstring during today’s training session. His availability will depend on how he progresses. pic.twitter.com/lfGPE1O3Vx
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 3, 2025
როგორც ესპანური COPE იუწყება, ბალდე შესაძლოა 3-4 კვირით მოედანს ჩამოშორდეს. ესპანელ მცველს მსგავსი ტიპის ტრავმები უკვე არაერთხელ ჰქონია, რის გამოც სამედიცინო შტაბი მეტად ფრთხილად მოიქცევა და დიდი შანსია, რომ ის სექტემბრის ბოლომდე აღარ დაბრუნდეს. თუ პროგნოზირებული ვადები შესრულდა, ბალდე გამოტოვებს „ვალენსიასთან“ (14 სექტემბერი), ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურს „ნიუკასლის“ წინააღმდეგ (18 სექტემბერი), ასევე ლა ლიგის მატჩებს „ხეტაფესთან“ (21 სექტემბერი) და „ოვიედოსთან“ (24 სექტემბერი).
მისი დაბრუნება მხოლოდ „სოსიედადთან“ (28 სექტემბერი) ან პსჟ-სთან (1 ოქტომბერი) შეხვედრებისთვის შეიძლება მოესწროს.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსას“ ბალდე გასულ სეზონში მნიშვნელოვანი მატჩების წინაც გამოაკლდა. ესპანელი ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და ამავდროულად გუნდში მას მნიშვნელოვანი როლი აქვს, რაც მის დანაკლისს კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის. „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში ყველამ ნახა, თუ რამდენად დაეტყო ფლიკის გუნდს ბალდეს არყოფნა. მიუხედავად ამისა, „ბლაუგრანამ“ ზაფხულში მარცხენა მცველის პოზიციაზე არავინ შეიძინა.