60 დარტყმა და 0:4-დან შემოტრიალებული დუელი | ჰიკის საოცარი გამარჯვება
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინური „ჰიკის“ მეტოქე ფარერის კუნძულების წარმომადგენელი „რუნავიკი“ გახლდათ. პირველი შეხვედრა ფინელებმა სტუმრად გამართეს და სენსაციური ანგარიშით, 0:4 განადგურდნენ.
განმეორებითი მატჩი „ჰიკისთვის“ იდეალურად დაიწყო. მე-15 წუთზე „რუნავიკი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რაც მასპინძლებმა შესანიშნავად გამოიყენეს და უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. მათ მეტოქის კარისკენ 60-ჯერ დაარტყეს!
მე-18 წუთზე ლუკას ლინგმანმა „ჰიკი“ დააწინაურა და ფინელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. 53-ე წუთზე ალექსანდერ რინგმა ანგარიში 2:0 გახადა. 79-ე წუთზე თავი სანტერი ჰოსტიკამ გამოიჩინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი გიორგოს ანტცულასმა ორმატჩიან დუელში წონასწორობა აღადგინა - 4:0.
დამატებით დროში ფსიქოლოგიურად გატეხილმა „რუნავიკმა“ „ჰიკის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ჰოსტიკამ დუბლი მიითვალა და საკუთარი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. მეორე რაუნდში „ჰიკის“ მეტოქე ბულგარული „არდა“ გახლავთ.