„ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, ინტერესი დიდია“ | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩისწინა დღეს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში'' პრესკონფერენცია გამართა.
რამაზ სვანაძე
„ახალ შესარჩევ ციკლს ვიწყებთ და ხვალინდელ თამაშს დიდი ინტერესით ველოდები. არამარტო ხვალინდელ მატჩს, ძალიან მაინტერესებს, ახალი თაობა საკუთარ თავს როგორ წარმოაჩენს და როგორ მიიღებს მენტალიტეტსა და იმას, რაც ახალგაზრდულ ნაკრებში აქამდე ხდებოდა. მხოლოდ შედეგებზე არ მაქვს საუბარი, რადგან ისეთ ეტაპზე ვართ, პირველი შეკრება მთლიანად გაცნობითი ხასიათის იყო.
ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა და გავაკეთეთ ყველაფერი, რის საშუალებასაც მოკლე ვადები გვაძლევდა. დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო დავლაგდებით და ერთმანეთს უკეთ გავუგებთ. ნებისმიერ გუნდს და განსაკუთრებით, ახალგაზრდულ ნაკრებს, დრო სჭირდება. ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარეს კი წარმოადგენს ის, რომ ხვალ ოფიციალურ შეხვედრას ვთამაშობთ და ჩვენთვის შედეგი მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, ინტერესი ძალიან დიდია და მაინტერესებს, ჩემი გუნდი რა სახით წარდგება. პოზიტიური მოლოდინი მაქვს და დანარჩენი ხვალ გამოჩნდება.
გულშემატკივრების მიმართ ყოველთვის მადლიერნი ვართ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქომაგი მოვა და თუ სტადიონი გაივსება, ორმაგად ბედნიერი ვიქნებით. აქ ჩამოსვლით ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე. სწორედ ამიტომ, აქ ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვდივარ და თავს შინაურ გარემოში ვგრძნობ.
გუშინდელ დღეზე აუცილებლად უნდა ვისაუბრო. ყველამ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რა ძალა აქვს ქვეყნისთვის წარმატებას. მინდა, საფეხბურთო ნაკრებსა და კალათბურთელებს მივულოცო, რომლებმაც ისტორია გადაწერეს. ვისურვებდი, რომ ხვალ ჩვენ ყველაფერი კარგად დავაგვირგვინოთ და ამისთვის გულშემატკივარი ძალიან გვჭირდება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ფეხბურთელები დიდ სპორტში პირველ ნაბიჯებს ხვალ გადადგამენ და ვისურვებდი, რომ პირველივე დღიდან იგრძნონ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობის აღება ქვეყნისა და გულშემატკივრების წინაშე და რა შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა."
გაბრიელ სიგუა
„გულშემატკივრებს მოვუწოდებ, თამაშზე მოვიდგნენ, რადგან არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ქომაგები ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. ორმაგი მოტივაციით ვთამაშობთ და ძალიან ბედნიერი ვიქნები და ვისურვებდი, რომ გულშემატკივრები მოვიდნენ. მაქსიმალურად დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავახაროთ.“
შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე'' 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.