„ვილიარეალში მიქაუტაძის ეპოქა იწყება“ | AS-ის სტატია ქართველ ფეხბურთელზე
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS გიორგი მიქაუტაძეზე წერს. „ვილიარეალში მიქაუტაძის ეპოქა იწყება“ — ასეთი სათაურით ხავიერ მატამ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი მიმოიხილა.
„ამ ორშაბათს, ვილიარეალში გიორგი მიქაუტაძის ეპოქა იწყება. სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნების შემდეგ ქართველი თავდამსხმელი მთავარი ყურადღების ობიექტი იქნება. მიქაუტაძე თანაგუნდელებს შეხვდება და ახალ კლუბს გაიცნობს. ის „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია — მისი შეძენა კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
მიქაუტაძემ ორივე სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ბულგარეთთან გოლიც გაიტანა. ახლა კი უნდა დაველოდოთ, რას გადაწყვეტს მარსელინო გარსია ტორალი: დააყენებს თუ არა მას ძირითად შემადგენლობაში, თუ დროს მისცემს, რომ გუნდის დინამიკასთან ადაპტაცია გაიაროს და უკეთ მოერგოს. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, „ვილიარეალს“ ამხელა მოლოდინი ახალ ფეხბურთელთან დაკავშირებით დიდი ხანია არ ჰქონია. მიქაუტაძე არის მოთამაშე, რომელსაც გუნდის დინამიკის შეცვლა შეუძლია,“ — წერს AS.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ ლა ლიგის 3 ტურში 7 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს იკავებს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მომდევნო შეხვედრას 13 სექტემბერს, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავს.