კოპა ამერიკა: ფრე და პენალტების სერია - არგენტინა ფინალშია!
Aa
Aa

კოპა ამერიკა: ფრე და პენალტების სერია - არგენტინა ფინალშია!

კოპა ამერიკაზე მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. არგენტინა კოლუმბიას შორის გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. ძირითადი დროის 1:1-ის დასრულების შემდეგ, „ალბისელესტემ“ თერთმეტმეტრიანები უკეთ შეასრულა და ფინალში ითამაშებს.

შეხვედრა ლიონელ სკალონის გუნდმა კარგად დაიწყო და უპირატესობაც მოიპოვა. მესიმ გუნდს ამჯერადაც ულიდერა და ერთი ლამაზი მომენტის შემდეგ, მე-7 წუთზე ლაუტარო მარტინესს ხელსაყრელ პოზიციაში უპასა, საიდანაც „ინტერის“ ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია - 1:0.

არგენტინამ ნელ-ნელა უპირატესობა დათმო. როგორც სკალონის სჩვევია ხოლმე, დაწინაურების შემდეგ, გუნდი უკან დაწია და დაისაჯა კიდეც. 61-ე წუთზე ლუის დიასმა დასწრებაზე კარგად ითამაშა, მომენტს ბოლომდე არ გამოეთიშა და მახვილი კუთხიდან მარტინესს გაუტანა - 1:1.

არგენტინას რეალური მომენტი კიდევ ორჯერ შეექმნა. ერთი ზუსტი და ძლიერი თავურის შემდეგ, რომელიც ოსპინამ მოიგერია, „ალბისელესტეს“ ფეხბურთელები ფაქტობრივად ცარიელ კართან აღმოჩნდნენ, თუმცა დი მარიას პასის შემდეგ, ლაუტარომ ბურთი ცარიელ კარში მდგომ მცველს მოარტყა და ძალიან კარგი შანსი ხელიდან გაუშვა.

საბოლოოდ, მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ემილიანო მარტინესმა საოცრებები ჩაიდინა და 3 დარტყმული მოიგერია. მესიმ პირველი გაიტანა, ჯამში კი არგენტინამ 3:2 მოიგო.


„პენალტების სერიაში დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით, რადგან ჩვენ კარში მონსტრი დგას. ვიცოდი, რომ მინიმუმ ორ დარტყმულს მოიგერიებდა. მან იმედები არ გამიცრუა“. - თქვა მესიმ მატჩის შემდეგ.

11 ივნისს, ფინალში სამხრეთ ამერიკული კლასიკო გველის - არგენტინა ბრაზილიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები