ანალიზი: კარგი გუნდი, რომელიც
Aa
Aa

ანალიზი: კარგი გუნდი, რომელიც "იდიოტის" ხელში ცდება

„არაფერია იმაზე უფრო საწყენი, ვიდრე ხედავდე, თუ როგორ კვდება კარგად ნათქვამი სიტყვა იდიოტის ყურში, რომელსაც შენ ის უთხარი“. - ეს სიტყვები მონტესკიეს ეკუთვნის და რატომღაც ბელგიის ნაკრების თამაშის ყურებისას გამახსენდა.

რობერტო მარტინესი არის მწვრთნელი, რომლის ხელშიც უდიდესი რესურსია, თუმცა მონტესკიეს დავესესხები - საწყენია, რომ ასეთი კარგი გუნდი, ასეთი "იდიოტის" ხელში ცდება...

ბელგიის ნაკრების თამაში როგორც წესი კარგი საყურებელი არის. ცუდად არც ამ ევროზე გამოიყურებოდნენ, თუმცა ბოლო ორი მატჩის შემდეგ, პირადად ჩემი შეხედულება შეიცვალა.

დღეს ტრადიციულად განვლილ 2 მატჩზე ვისაუბრებ - ჯერ ბელგია-იტალიით დავიწყებ, შემდეგ კი ესპანეთამდეც მივალ...

ის, რაც პორტუგალიამ ვერ გააკეთა, მაგრამ გზა დაგვანახა

ის, რაც პორტუგალიამ ვერ გამოიყენა, მაგრამ დაგვანახა - რა იყო გასაკეთებელი, რათა ეს ბელგია ჩამოშლილიყო - მერვედფინალურ მატჩში მარტინესის გუნდის მინუსები კარგად გამოჩნდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონების ზეწოლას „წითელმა ეშმაკებმა“ გაუძლეს, თუმცა იტალიელები იდეალურად მოემზადნენ და „გამოცდა ხუთიანზე ჩააბარეს“.

რა შთაბეჭდილება დამრჩა ბელგია-იტალიის მატჩის ყურებისას? პირველ რიგში ის, რომ „სკუადრა აძურა“ გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შეკრული, ერთ მუშტად მომართული მექანიზმი, რომლის თითოეულმა ჭანჭიკმა თავისი დანიშნულება იცოდა და მოედანზე ზედმეტად ერთ ნაბიჯსაც არ დგამდა.

და ბელგია? ეს არის ბევრი ინდივიდუალისტით დაკომპლექტებული ძალიან კარგი კოლექტივი, რომელსაც მწვრთნელი ერთ მუშტად ვერ კრავს. „წითელი ეშმაკები“ მაინც 1-2 კაცის პასის, დარტყმისა და „თამაში წაუვიდას“ იმედად არიან.

ახლა დავუბრუნდები იმას, რაც პორტუგალიასთან შეხვედრაში დავინახე. ბელგია უკვე დიდი ხანია 3-4-3 სქემით თამაშობს. ყველაფრის უფრო მარტივად გასაგებად გეტყვით - ამავე სქემით მოთამაშე „ჩელსი“ გაიხსენეთ, მათ შემადგენლობას გადახედეთ... მთავარი სხვაობა რაშია? ნახევარდაცვის ცენტრში.

მოედნის ცენტრში ორივე გუნდის თავდაცვითი სამუშაო 2 მოთამაშეზე ნაწილდება. „ჩელსის“ შემთხვევაში ჟორჟინიო-კანტეს დუეტთან გვაქვს საქმე, ბელგიის ნაკრებში კი ტილემანსი-ვიტსელის წყვილია.

მეტოქის სწრაფი იერიშებისას, ასევე დიდი ძალებით შეტევების დროს, ბელგიელთა ნახევარდაცვის ხაზს ნებისმიერი კარგი გუნდი მარტივად გადის, რადგან არც ვიტსელი და არც ტილემანსი ართმევაზე იმდენად ძლიერები არ არიან, როგორც მაგალითად კანტე, კაზემირო, დე იონგი და ა.შ.

ბელგიელთა ხელოვნური სივრცე - იტალიამ მეტოქის ხაფანგი მარტივად გაშიფრა

ლუკაკუ, რომელიც ცხრა ნომერს თამაშობს, ხშირად მარჯვენა ფლანგზე იწევს და ცენტრალურ მცველებს უსაქმოდ ტოვებს, რაც მათ დაბნევას და უკანა ხაზის გადაადგილებას იწვევს, შედეგად ჩნდება სივრცე, რომელსაც მოულოდნელად სიღრმიდან დე ბრუინი უტევს.

ერთ-ერთი ცენტრალური მცველი პოზიციას ტოვებს და ფლანგისკენ დაზღვევაზე ლუკაკუსკენ გადადის. სწორედ აქედან იწყება დაცვის ჩამოშლა, რადგან მოედნის ცენტრალურ ნაწილში დიდი სივრცეა, დაცვა კი მოშლილია.

მაგრამ - იტალიელთა დაცვა ასე მარტივად მოსაშლელი როდია. მანჩინიმ ლუკაკუს კიელინი პერსონალურად დაუყენა, რომელმაც საქმეს თავი იდეალურად გაართვა და „სკუადრა აძურას“ სხვა გუნდებისგან განსხვავებით ერთი ფეხბურთელის გასაჩერებლად დიდი რესურსის გამოყოფა არ დასჭირვებია.

ამ ყველაფრის შედეგად, იტალიამ ბურთზე კონტროლი დააწესა და პირიქით - საკუთარი მინუსების დასაფარად ბრძოლა ბელგიას მოუხდა.

ცენტრში მარტო დარჩენილი ტილემანსი და ვიტსელი დიდ ზეწოლას ვერ უძლებენ და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რაც პორტუგალიასთან და იტალიასთან ვიხილეთ - დაშლილი, ლუკაკუზე გადაგდებული ბურთის იმედად დარჩენილი ბელგია.

დაცვის ხაზსა და ნახევარდაცვას შორის არსებული წყვეტა ამ გუნდის მთავარი ნაკლი არის, რომელიც რობერტო მანჩინიმ კარგად გამოიყენა და შესაბამისი შედეგიც მიიღო.

ჟორჟინიო, ვერატი, ბარელას ტრიომ ბელგიელთა შუა ხაზი შეჭამა და უბურთოდ დატოვა.

შეგეცოდებოდა და ძალიან უცნაური საყურებელი იყო გუნდი, რომელსაც დე ბრუინი, ვიტსელი და ტილემანსი ჰყავს, შეტევებს დაცვიდან გადაგდებული ბურთით იწყებდა, რომელიც იდეაში ლუკაკუს უნდა მიეღო, გაეჩერებინა და იქვე მყოფი შემტევისთვის გაეყოლებინა, რაც რა თქმა უნდა, მანჩინიმ გაშიფრა, გეგმა შეიმუშავა და Snap! ბელგია სახლში გაემგზავრა.

ბოლოს კი შეხვედრის უკანასკნელ 10-15 წუთსაც მინდა შევეხო. ნასერ ჩადლის მატჩში ჩართვა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა სამწუხაროდ მალევე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

მარტინესმა ცვლილებებისას ერთი უხეში შეცდომა დაუშვა - ბოლო წუთებზე ბელგიელთა შეტევები ქაოტური იყო, იტალია დაცვაში დიდი ძალებით ჩაჯდა და დროის გაყვანაზე გადავიდა. ასეთ დროს ბელგია საჯარიმოში ლუკაკუს მიმართულებით გაუთავებლად აწვდიდა, რაც ბუნებრივია „სკუადრა აძურამაც“ იცოდა და ყველა გადაცემას მარტივად იგერიებდნენ.

რობერტო მარტინესს კრისტიან ბენტეკეს გამოყენება შეეძლო, რომელიც ლუკაკუსთან ერთად საჯარიმოში ჩაწოდებებს მეტ აზრს მისცემდა.

ამის გაკეთება მარტივი იყო - თამაშიდან ერთ-ერთი ცენტრალური მცველი უნდა ჩახსნილიყო. ბოლო წუთებზე ვერტონგენი-ვერმალენი-ალდერვაირელდის სამეულის მოედანზე ყოფნის საჭიროება აღარ იყო და სქემის 4-4-2-ზე გადაწყობას აზრი ნამდვილად ჰქონდა.

ზარს, რომ ეთამაშა? ედენი უკვე დიდი ხანია თავისი თავის საუკეთესო ვერსია აღარ არის და ვფიქრობ, მალე მის ადგილს 19 წლის დოკუ დაიკავებს, რომელმაც იტალიასთან ბრწყინვალედ ითამაშა.

დე ბრუინი? კევინმა ტრავმით ითამაშა, მაგრამ რამდენიმე მწვავე მომენტი მაინც შექმნა. ვერ ითამაშა თვითონ ბელგიის ნაკრებმა. პორტუგალიასთან დაპირისპირების შემდეგ, ამ გუნდის მინუსები ძალიან თვალშისაცემი გახდა და არ მგონია მარტო დე ბრუინმა ყველა პრობლემა თავად გადაჭრას...

საბოლოოდ, მოიგო უფრო უკეთ ორგანიზებულმა გუნდმა, რომელსაც უკეთესი მწვრთნელი ჰყავდა, ვისაც უკეთესი გეგმა ჰქონდა. რობერტო მარტინესს ალბათ პოსტს დაატოვებინებენ. თუ ასე არ მოხდა, სავარაუდოდ, ბელგიას მომდევნო დიდ ტურნირზეც მეოთხედფინალიდან სახლში გაუშვებენ და ეს ოქროს თაობა ისე წავა, რომ ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსსაც ვერ მიიღებს.

ესპანეთი პორტუგალიის გზაზე? ლუის ენრიკეს კვლავ უმართლებს, თუმცა...

ჯგუფურ ეტაპზე შვედეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი - ჯამში 5 ქულა. მერვედფინალში ხორვატია, რომელსაც დაცვის ლიდერი ლოვრენი და შეტევის ლიდერი პერიშიჩი აკლდა - ძირითად დროში ფრე და შემდეგ დამატებითებში გამარჯვება. მეოთხედფინალში შვეიცარია, რომელსაც გუნდის ხერხემალი გრანიტ ჯაკა აკლდა, მატჩის დასაწყისიდანვე ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ბრილ ემბოლოც გამოაკლდათ, მეორე ტაიმში კაციც გაუძევეს - საბოლოოდ 120 წუთიანი ფრე და პენალტების სერია.

პირადად მე, ესპანეთის ნაკრების ასეთი არასტაბილური თამაში, რთული გამარჯვებები და ფინალისკენ სვლა 2016 წელს პორტუგალიის ნაკრების განვლილ გზას მაგონებს. დიახ, იყო განსხვავებები და შეიძლება ვიღაც არ დამეთანხმოს, მაგრამ ფერნანდუ სანტუშის მაშინდელ ნაკრებსაც ფავორიტთა შორის არავინ მოიაზრებდა და მათი თამაშის შემხედვარე ძნელი არ იყო ასე არ გეფიქრა, თუმცა ბოლოს რაც მოხდა ყველამ კარგად ვნახეთ.

მე მაინც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლუის ენრიკეს ფორმაციის „ფურია როხა“ ჩემპიონი გახდება, თუმცა ვინ იცის. შეიძლება მწარედ ვცდები, პრობლემა არ მაქვს, თუ ასე მოხდება, პირიქით - ძალიან მოულოდნელი იქნება და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სცენარშიც იდეალურად ჩაჯდება.

შესაძლოა გადაღლილობის ბრალი იყო და ესპანეთმა ასე ცუდად ამიტომ ითამაშა, თუმცა უფრო მეტად გადაღლილები იყვნენ შვეიცარიელები, რომლებსაც სოლიდური დანაკლისი ჰქონდათ და თან მატჩის ნახევარი 10 კაცით ითამაშეს.

ესპანელთა თამაშში ყველაზე მეტად თვალშისაცემი კვლავ დაცვის ცენტრი იყო, რომელიც ძალიან არასტაბილური და არადამაჯერებელია. სერხიო რამოსის თემა უკვე ძალიან გაცვეთილია და ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევეხო.

ენრიკემ რამოსი განაცხადს მიღმა მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო დატოვა, თუმცა სიაში ერიკ გარსია მოხვდა, რომელმაც გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ რიგებში ძალიან მცირე სათამაშო დრო მიიღო.

პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, Fa Cup-ი და ინგლისის ლიგის თასი - „ქალაქელები“ ერთ სეზონში 4 სხვადასხვა ტურნირზე თამაშობენ და გარსიამ 2020-21 წლების სეზონში ჯამში მხოლოდ 6 (!) მატჩი ჩაატარა.

გასაგებია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოცდილების მიღება და მეტი ნდობა სჭირდება, რომ გაიხსნას, განვითარდეს და გაიზარდოს, მაგრამ რის (ვის) ხარჯზე? ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გუნდს დაცვაში უჭირს, მთელი ხაზი არეული და შეუთამაშებელია.

რამოსი... შვეიცარიის მატჩებს ხომ უყურეთ? გრანიტ ჯაკა გუნდელებს როგორ ამხნევებდა ალბათ იმ კადრებსაც ნახავდით. ესპანეთთანაც, როცა მოედანზე არ იმყოფებოდა, ჯაკა შუაში ჩადგა და ბიჭები გაამხნევა, დამუხტა. ამას ლიდერობა ჰქვია, რაც სერხიო რამოსს კარგად გამოსდის.

შეიძლება ვიღაცას რამოსი როგორც მცველი საუკეთესოდ არ მიაჩნია და ალბათ ასეც არის, მაგრამ როგორც ფეხბურთელი, როგორც ფიგურა - რამოსი ძალიან ბევრს აღემატება, მათ შორის ლეგენდარულ მცველებსაც, რადგან მას აქვს ქარიზმა, ლიდერის თვისებები და გუნდის გაძღოლა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ბუსკეტსისა და ალბას მიმართ დიდი სიმპათიები გამაჩნია, ლიდერად და გუნდის დამმუხტველად არცერთი მათგანია დაბადებული.

ვერცერთი არგუმენტი ვერ დამაჯერებს, რომ ერიკ გარსია ან თუნდაც „ლიდსელი“ დიეგო ლორენტე ამჟამად „ფურია როხას“ იმის მეათედს მაინც აძლევენ, რასაც რამოსი მისცემდა.

ლუის არაგონესმა ევრო 2008-ზე განაცხადს მიღმა რაული დატოვა და ბევრი კრიტიკაც მიიღო, მაგრამ ლეგენდარულმა მაესტრომ კრიტიკოსები დაადუმა, რადგან ესპანური ფეხბურთის ისტორიას ოქროს ხანის კარები გაუღო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფართოდ იყო გაღებული.

რას იზამს ლუის ენრიკე? როცა „ლუჩო“ ესპანეთის ნაკრებში დაინიშნა პოზიტიური მოლოდნი მქონდა და შემდეგაც ასევე გაგრძელდა. გერმანიასთან 6:0 და ასე შემდეგ. გუნდმა თითქოს გაცვეთილ ტიკი-ტაკაზე, რომელიც უფრო მეტად კიკე სეტიენისებრი იყო, ვიდრე პეპ გუარდიოლას გენიალური სტილი, „ლუჩომ“ მასზე უარი თქვა და ნაკრები სხვა სტილში აათამაშა, რაც პირადად ჩემთვის მოსაწონი იყო, თუმცა...

თუმცა მოვიდა ევროპის ჩემპიონატი და რატომღაც ენრიკემ უკან დაიხია, აქცენტი ისევ ძველ სტილზე გააკეთა, ბურთის ფლობა, გაუთავებელი პასები, კოკე, კოკე, კოკე - ანუ პასი პასისთვის...

ამ ნაკრებს შეუძლია სხვაგვარად ითამაშოს და ეს უკვე დამტკიცებულიც აქვთ. ენრიკემ გუნდი რთულ მომენტში ჩაიბარა, რაც მისასალმებელია და სიტუაციიდან გამომდინარე რაღაც შეცდომები მას უნდა ეპატიოს, თუმცა რამდენად შედეგის მომტანი იქნება ეს გზა? რამდენად იქნება პედრი და კოკე „ჩავიესტა“?

სტილი იგივეა, შემსრულებლები და გუნდი კი უფრო მეტად „სოსიედადს“ ჰგავს, ვიდრე „ბარსა-რეალის“ შერწყმას.

რამდენად აქვს ამ გუნდს იტალიასთან ნახევარფინალში გამარჯვების შანსი? „სკუადრა აძურას“ სპინაცოლას სახით უდიდესი დანაკლისი აქვს, თუმცა მაინც - წყვილში აშკარა ფავორიტი მანჩინის გუნდია. შანსები ალბათ 60-40-ზეა.

შესაძლოა ვცდები და ესპანეთის ნაკრებმა ჩემთან ერთად ყველა კრიტიკოსიც დაადუმოს. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ.

ბოლოს მარსელო ბიელსას ცნობილი ფრაზით დავასრულებ - „ადამიანი ახალი იდეებით გიჟია, სანამ მისი იდეები ტრიუმფს არ მოიპოვებენ“. - ჯერჯერობით ენრიკეს გიჟად თვლიან, თუმცა მას დროც და შანსიც აქვს, რომ ტრიუმფი მოიპოვოს.

მსგავსი სიახლეები