წიტაიშვილი გრანადას დაემშვიდობა - ცნობილია, სად ითამაშებს ქართველი შემტევი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება და „გრანადას“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა. 24 წლის შემტევმა თავის ყოფილ კლუბს სამომავლოდ წარმატებები უსურვა.
რას წერს წიტაიშვილი:
„გრანადაში გატარებული წარმოუდგენელი წლის შემდეგ, დამშვიდობების დროა“.
„მინდა კლუბის ყველა წევრის - სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, მენეჯმენტისა და კულისებში მომუშავე ყველა პირის მიმართ დიდი მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ პირველივე დღიდან თავი როგორც საკუთარ სახლში, ისე მაგრძნობინეს“.
„მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჩემს მიმართ გამოხატული რწმენისთვის. უდიდესი სიამოვნება იყო ამ მაისურის ტარება და ამ ლოგოსთვის როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა ყველაფრის გაღება“.
„გულშემატკივრებო, მადლობას გიხდით სეზონის განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, ვნებისა და ენერგიისთვის როგორც კარგ, ისე რთულ მომენტებში. კლუბისადმი თქვენი სიყვარული ნამდვილად განსაკუთრებულია და ამას ყოველთვის ვგრძნობდი, როდესაც მოედანზე გავდიოდი“.
„მივდივარ საოცარი მოგონებებით, შესანიშნავი მეგობრობითა და იმ გუნდის ნაწილად ყოფნის სიხარულით, სადაც თავს ნამდვილად დაფასებულად ვგრძნობდი როგორც ფეხბურთელად, ისე ადამიანად“.
„კლუბს ყველა იმ წარმატებას ვუსურვებ, რომელსაც იმსახურებს. მადლობა, გრანადა. ჩემს გულში ყოველთვის გექნება განსაკუთრებული ადგილი“.
View this post on Instagram
გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ის გასულ სეზონში „გრანადას“ მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ყოფილი გუნდი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გავიდა და ლა ლიგაში აღზევება ვერ შეძლო.
ამ პოსტის შემდეგ, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი შემტევი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში ახლადაღზევებულ და გიორგი მიქაუტაძის ყოფილ გუნდ „მეცში“ გააგრძელებს. წიტაიშვილი კლუბთან 1-წლიანი მშრალი იჯარით გადავა, სეზონის დასრულების შემდეგ კი დიდი შანსია „მეცს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს, რადგან კიევის „დინამოსთან“ არსებული კონტრაქტი სწორედ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურება.