„სრული იდიოტია“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა
არმან ცარუკიანი ილია თოფურიას გამოწვევას განაგრძობს და მის მიმართ კრიტიკას არ წყვეტს, რასაც „ელ მატადორი“ შესაბამისად პასუხობს ხოლმე.
სულ ბოლოს, ცარუკიანმა ილია ერთგანზომილებიან მებრძოლად მოიხსენია. სომეხმა მებრძოლმა ქვემსუბუქ წონაში თოფურიას ძველი ბრძოლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი სუსტი წერტილები იქ გამოჩნდა.
„დავაგდებ, დავიჭერ და მთლიანად დავჩაგრავ. მას მიწაზე დავასრულებ. ვერსად გამექცევა. მან მხოლოდ ერთი რამ იცის - კრივი“.
- განაცხადა ცარუკიანმა The New York Post-თან საუბარში.
თოფურიამ ABC Spain-თან ინტერვიუში ცარუკიანს მწვავედ უპასუხა:
„ის სრული იდიოტია! ნახეთ მისი ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასთან - რამდენჯერ იყო გამარჯვების ზღვარზე, მაგრამ ვერ მოახერხა! ასეთი ბევრი შანსი ჰქონდა და მაინც ვერ გააკეთა. სრული იდიოტია. დარწმუნებით გეუბნებით - არმან ცარუკიანს მე დავასრულებ“.
როგორც ცნობილია, თოფურია მსუბუქ წონაში ტიტულის პირველ დაცვას წლის ბოლომდე გეგმავს და ოქტაგონზე დაბრუნებას სწორედ ამ დროს აპირებს.
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა UFC 317-ის შემდეგ თოფურიას მომდევნო მეტოქეზე მკაფიოდ არ ისაუბრა, თუმცა თოფურიასა და ცარუკიანს შორის მზარდი დაძაბულობა მიანიშნებს, რომ ორგანიზაციის მენეჯერებს სერიოზული თავსატეხი ელით წინ.