Sport: ალექსანდრე თოფურიას ჯერია - როდის იჩხუბებს კონკისტადორი
ესპანური გამოცემა Sport-ი ილია თოფურიას უფროს ძმაზე, ალექსანდრე თოფურიაზე წერს, რომელმაც UFC-ში სადებიუტო ბრძოლა 8 თებერვალს გამართა და ავსტრალიელი მეტოქე კოლბი თიქნესი დაამარცხა.
გამოცემის ინფორმაციით, ახლა, როდესაც ილია თოფურიას ბრძოლამ ჩაიარა და მისთვის მზადებაში ალექსანდრემ „მატადორს“ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა, ოქტაგონზე თავად „კონკისტადორი“ უნდა ვიხილოთ.
„ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ მატჩმეიქერები. ილიას ბრძოლის შემდეგ ჩემი ჯერი უნდა ყოფილიყო - ამაზე უკვე ვისაუბრეთ. შესაბამისად, ზაფხულში აუცილებლად უნდა ვიჩხუბო“, - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ ESPN Deportes-თან საუბარში.
ილიასგან განსხვავებით, რომელიც სტატუსიდან გამომდინარე მხოლოდ pay-per-view ღონისძიებებზე იჩხუბებს, ალექსანდრესთვის ჩხუბის ჩანიშვნა უფრო მარტივია - ეს შეიძლება იყოს როგორც ნომრიანი ღონისძიება, ისე Fight Night-ი. უახლოეს 2-3 თვეში საუკეთესო თარიღი 6 სექტემბერია, როდესაც UFC-ის ღონისძიება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია 29 წლისაა და მას MMA-ში 6 მოგება და 1 წაგება აქვს. UFC-ში მისი დებიუტი თებერვალში, UFC 312-ზე შედგა: „კონკისტადორმა“ ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ამასთანავე, CBS-ის ჟურნალისტის, რუბენ კარტერის ინფორმაციით, UFC ალექსანდრე თოფურიას და მალკოლმ უელმეიქერის (10-0) ჩხუბის ორგანიზებაზე მუშაობს, რომელიც 4 ოქტომბერს, UFC 320-ზე უნდა შედგეს.