რომას დაცვის გაძლიერება სურს | ერთ-ერთი კანდიდატი გოგლიჩიძეა
რომა, რომელიც ზაფხულში ჯან პიერო გასპერინიმ ჩაიბარა, ცენტრალური მცველის დამატებაზე ფიქრობს და ამ პოზიციაზე შერჩეული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძეა. ამის შესახებ გამოცემა Il Messaggero იტყობინება.
იტალიური გამოცემის ცნობით, სიაში პირველი 27 წლის ჯონ ლუკუმია. კოლუმბიელი მცველის გამოსასყიდი 28 მილიონი ევროა, მაგრამ ის მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში იმოქმედებს, გაისად კი ლუკუმი თავისუფალი აგენტი გახდება და მასში დიდი თანხის გადახდა ახლა ნაკლებად სავარაუდოა.
იმ შემთხვევაში, თუ ლუკუმი „ჯალოროსის“ მაისურს ვერ მოირგებს, „რომას“ სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარა სათადარიგო ვარიანტებს განიხილავს - ესენია საბა გოგლიჩიძე და „ბორნმუთის“ 28 წლის მარკოს სენესი. თუ კლუბი არა გამოცდილებაზე, არამედ მომავალზე გააკეთებს ფსონს, არჩევანი საბას სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
Il Messaggero-ს ინფორმაციით, „რომა“ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, ახალ მცველს თავის გუნდში კი გასპერინი უკვე ივლისის შუა რიცხვებში ელოდება.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლიმ“ გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოდან“ 2024 წელს დაიმატა. Transfermarkt-ის მონაცემებით, ქართველი მცველის საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.