ქულები ისევ დააკლეს | იეგოიანის ვიტესი სეზონს მინუს 12 ქულით დაიწყებს
ირაკლი იეგოიანის „ვიტესი“ 2025/26 წლების სეზონს მინუს 12 ქულით დაიწყებს. არნემულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც საკუთარ გულშემატკივრებს სალიცენზიო კომიტეტის გადაწყვეტილება აცნობა.
კლუბის მფლობელებს ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებული შეთანხმება დროულად უნდა წარედგინათ, თუმცა „ვიტესმა“ ეს ვადა დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, სანქციას მაინც ვერ ასცდნენ. კლუბის აპელაციის შემდეგ სააპელაციო კომიტეტმა დაასკვნა, რომ საჭირო დოკუმენტები დროულად არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც „ვიტესი“ დაისაჯა.
„სამწუხარო ამბავია, განსაკუთრებით ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, გულშემატკივრებისთვისა და სპონსორებისთვის. ისინი კლუბის ერთგული იყვნენ სეზონში, რომელშიც სასწორზე არა სპორტული საკითხები, არამედ ვიტესის გადარჩენა იდო. იმედი გვქონდა, რომ ახალ სეზონს სუფთა ფურცლით დავიწყებდით, თუმცა ასე არ მოხდა,“ — განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა, ტიმო ბრაასმა.
ცნობისთვის, „ვიტესი“ ახალ სეზონს 9 აგვისტოს გახსნის. იეგოიანის გუნდი სტუმრად „ალმერეს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.