მამუკელაშვილი დურანტთან და ჰარდენთან? - ამერიკული პრესის პროგნოზი
Aa
Aa

მამუკელაშვილი დურანტთან და ჰარდენთან? - ამერიკული პრესის პროგნოზი

გამთენიისას, NBA-ში 2021 წლის დრაფტის ლატარია დასრულდა და ცნობილი გახდა, თუ საწყისი 14 არჩევანი რომელ გუნდებს ექნებათ. ლატარიის შემდეგ, ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემებმა, Sports Illustrated-მა და Athletic-მა რეიტინგი შეადგინეს და ივარაუდეს, თუ როგორ განვითარდება მოახლოებული ღონისძიების პირველი და მეორე რაუნდი

წლევანდელი დრაფტი ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან „სეტონ ჰოლის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში წასვლა გადაწყვიტა და სავარაუდოდ, მას მეორე რაუნდში აირჩევენ. სასიხარულოა, რომ „მამუ“ ტოპ 60 კალათბურთელს შორის ზემოთ ხსენებულმა ორივე გამოცემამ შეიყვანა.

Sports Illustrated-ის მიხედვით, მამუკელაშვილს მეორე რაუნდის ბოლოს აიყვანენ. იგი მე-60 ნომერი იქნება და მას გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ აირჩევს, რომელსაც ეს პიკი „იუტა ჯაზისგან“ აქვს. განსხვავებულ პროგნოზს გვთავაზობს Athletic. გამოცემის მიხედვით, „მამუ“ 49-ე იქნება და მასზე არჩევანს „ბრუკლინ ნეთსი“ შეაჩერებს, რომელსაც ეს პიკი „ატლანტა ჰოუქსისგან“ აქვს.

2021 წლის დასაწყისში ამერიკულ პრესაში მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელს შორის მოიაზრებდნენ, თუმცა „მარტის სიგიჟის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა და Sports Illustrated-ის ძველ სიაში „მამუ“ 58-ე ნომერი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები