მანჩინი: ''უემბლიმდე'' ჯერ შორი გზაა, იმედი მაქვს ბევრი ასეთი საღამო იქნება''
Aa
Aa

მანჩინი: ''უემბლიმდე'' ჯერ შორი გზაა, იმედი მაქვს ბევრი ასეთი საღამო იქნება''

ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაში რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა შენოლ გიუნეშის თურქეთი ძალიან დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელთა უპირატესობა ძალიან აშკარა იყო, მანჩინის ფეხბურთელებმა სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შეხვედრის შემდეგ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მედიასთან ისაუბრა.

რობერტო მანჩინი: ''პირველ ტაიმში გოლი ვერ შევაგდეთ. თურქეთის ნაკრებთან გოლის გატანა ადვილი არაა. 

თურქეთი ძალიან კარგი გუნდია, თურქებს ბევრი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, ბევრი ტალანტი ჰყავთ. ასეთ შეხვედრებში ბევრი რამ გჭირდება, მათ შორის ქომაგთა მხარდაჭერა, რასაც ამ შეხვედრაში ვგრძნობდით. 

გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტორი, რომ სწრაფ პასებს ვაკეთებდით, ბურთი სწრაფად მოძრაობდა. მნიშვნელოვანია სტარტი. შედეგით მოხარულნი ვართ ჩვენც და იტალიელი ქომაგებიც.

ბედნიერნი ვართ, ვფიქრობ ძალიან კარგად ვითამაშეთ. საოცარი საღამო იყო. იმედი მაქვს, ასეთი საღამო კიდევ ბევრი იქნება. ''უემბლამდე'' ჯერ შორი გზაა''.

ამავე ჯგუფის პირველ ტურში, 12 ივნისს უელსი შვეიცარიას დაუპირისპირდება, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ასევე, 12 ივნისს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. B ჯგუფში დანია ფინეთს შეხვდება (20:00), ხოლო ბელგია - რუსეთს (23:00).

იტალიის ნაკრები მეორე ტურის მატჩს 16 ივნისს, შვეიცარიასთან გამართავს. შეხვედრა ''სტადიო ოლიმპიკოზე'' შედგება.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალს ''უემბლი'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები