ლიეტუვას საკითხთან დაკავშირებით რაგბის კავშირის დოკუმენტი გავრცელდა
Aa
Aa

ლიეტუვას საკითხთან დაკავშირებით რაგბის კავშირის დოკუმენტი გავრცელდა

ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, საქართველოში წინასატურნირო შეკრება გაიარა და ადგილობრივ კლუბებთან, „იუნკერებისა" და „ლოკომოტივის" წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები გამართა.

მოგვიანებით, ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებმა პრეტენზია გამოთქვა, ითქვა, რომ აეროპორტში საქართველოს რაგბის კავშირის არცერთი წარმომადგენელი დახვდა, რაგბის კავშირმა გუნდი არც დაბინავების შემდეგ მოიკითხა და ქართული მხარის მიზეზით (გუნდში კორონავირუსის შემთხვევა) გაუქმდა დაპირისპირებაც. გამართული მატჩები ქართულმა კლუბებმა საკუთარი ინიციატივით მას შემდეგ დააორგანიზეს, როდესაც გაუქმებული შეხვედრის შემდეგ რაგბის კავშირს ალტერნატივა აღარ გააჩნდა, შესაბამისად, თბილისში ჩამოსული ლიეტუვას ნაკრები ამხანაგური შეხვედრების გამართვის გარეშე რჩებოდა.

ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა არსებულ ვითარებაზე კომენტარი ტელეკომპანია პირველის ეთერით გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა, როგორც ლიეტუვას რაგბის კავშირის, ისე უშუალოდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ: 

„როდესაც ჩამოვფრინდით არავინ დაგვხვდა, გვითხრეს, რომ პრობლემები იყო. მეტი არაფერი უთქვამთ. არ მინდა კიდევ ბევრი, ნეგატიური რამ ვთქვა. ეს ყველაფერი უცნაური იყო, გაკვირვებული ვარ.

მართლაც დიდია როგორც ქვეყნების, საქართველოსა და ლიეტუვას, ისე რაგბის კავშირების ურთიერთობა და ეს მეგობრობა უამრავ წელს მოიცავს, თუმცა აღარ მგონია, შემდეგში კვლავ ვითანამშრომლოთ. ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა, როგორც ლიეტუვას რაგბის კავშირის, ისე უშუალოდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ.

საქართველოში ჩამოვედით, მათ კი ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, ვინც დაგვხვდებოდა. მადლობას ვუხდით კლუბებს, ამ მატჩების გამართვა სწორედ მათი ინიციატივა იყო.

მგონია, რომ რაგბში ასე არ ხდება, რადგან ეს სპორტი მეგობრობაზეა დამყარებული".

რა თქმა უნდა, მომხდართან დაკავშირებით  საქართველოს რაგბის კავშირის განმარტებაც გაჟღერდა. პარალელურად გავრცელდა დოკუმენტიც, სადაც ჩანს, რომ ქართული მხარე ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, იცოდა, რომ ლიეტუვა თბილისში 27-31 მაისს ჩამოვიდოდა და ამ ინფორმაციის ცოდნას დოკუმენტზე დართული რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ხელმოწერით ადასტურებდა.

7-კაცას მენეჯერის, სანდრო ნიჟარაძის განმარტებით, დაგეგმილი მატჩის ჩაშლა რაგბის კავშირისგან დამოუკიდებელი მიზეზის, გუნდში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევის გამო მოხდა, ხოლო,  რაც შეეხება ლიეტუვას საქართველოში ვიზიტს, ლიეტუვის ნაკრები საქართველოში ყოველგვარი ოფიციალური მომართვის გარეშე ჩამოვიდა, თუმცა ქართულმა მხარემ სტუმრებს ყველა არსებული შესაძლებლობის გათვალისწინებით უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები