„მესის დაბრუნებაზე ვმუშაობთ“ - ნიუელსის ვიცეპრეზიდენტი
„ნიუელს ოლდ ბოიზის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ხუან მანუელ მედინამ დაადასტურა, რომ არგენტინული კლუბი ცდილობს, ლიონელ მესი ბავშვობის კლუბში დააბრუნოს.
მედინას განცხადებით, კლუბი, ქალაქ როსარიოს მერია, რეგიონული ხელისუფლების ორგანოები და არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია (AFA) 2027 წლის იანვარში მესის „ნიუელსში“ დაბრუნებაზე ერთობლივად მუშაობენ - საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც მლს-ში რამდენიმეთვიანი პაუზა ცხადდება.
ხუან მანუელ მედინას თქმით, მეტი კონკრეტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაა, თუმცა კლუბი და AFA თანხმდებიან, რომ მესის გადასაბირებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და კონკურენტული გარემოს შექმნაა აუცილებელი.
ცნობისთვის, მესის არაერთხელ უთქვამს, რომ ოდესმე სიამოვნებით დაბრუნებოდა მშობლიურ კლუბში, რომლის ღირსებასაც „ბარსელონაში“ გადასვლამდე იცავდა. არგენტინელს ივნისში 39 წელი შეუსრულდება, გასულ სეზონში მან „ინტერ მაიამიში“ 28 მატჩში 29 გოლი გაიტანა, 19 საგოლე პასი მიითვალა და კლუბს ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოუტანა.
არგენტინის ნაკრების კაპიტანი ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტით 2028 წლამდეა დაკავშირებული და ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს, რასაც, რა თქმა უნდა, „ნიუელსი“ ვერ გაწვდება, თუმცა არგენტინულ კლუბში იმედოვნებენ, რომ ემოციური ასპექტის გათვალისწინებით ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი გახდება.