„ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი“ | ეგოიანი ერედივიზიეს საიტის ყურადღების ცენტრში
ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია გამოაქვეყნა და პირველი შვიდი ტური შეაჯამა. ერედივიზიეს ყურადღების ცენტრში „ექსელსიორიც“ მოექცა, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო და როტერდამული კლუბიდან ირაკლი ეგოიანი გამოარჩიეს.
მოულოდნელი ლიდერი, საოცნებო დასაწყისები და რეკორდები სეზონის პირველი სანაკრებო ფანჯრის წინ
„ალკმაარი ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება. შვიდი ტურის შემდეგ ტოპ 8 გუნდში „ფორტუნა სიტარდი“ და „ექსელსიორი“ არიან. „ექსელსიორი“ 11 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება და აქამდე როტერდამულ კლუბს საწყის 7 ტურში მინიმუმ 11 ქულა მხოლოდ 2023/24 წლების სეზონში ჰქონდა დაგროვებული.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი „ექსელსიორის“ შედეგიანობაა. მათ ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ და მეტოქის კარისკენ განხორციელებული დარტყმების 18.8 პროცენტი გაიტანეს. მეორე ადგილზე სწორედ „სიტარდი“ იმყოფება — 18.3%.
„ექსელსიორის“ რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ირაკლი ეგოიანია. მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა და ამ მომენტისთვის, ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა. ქართველ ფეხბურთელს 2 გოლიც აქვს გატანილი, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში შვიდი საგოლე მოქმედება მიითვალა. „აიაქსის“ წინააღმდეგ მან ასისტი ზედიზედ მეოთხე საგარეო შეხვედრაში გაიფორმა, ეს კი 21-ე საუკუნეში „ექსელსიორის“ არცერთ მოთამაშეს გაუკეთებია“, — წერია სტატიაში.
ცნობისთვის, ეგოიანი საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა 11 ოქტომბერს, „გრონინგენის“ წინააღმდეგ ელის. მატჩი თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.