დაპირისპირება გრძელდება | ფიფამ უეფას სასამართლოში უჩივლა
ფიფამ უეფას სასამართლოში უჩივლა - მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროპულ ორგანიზაციას ჯანი ინფანტინოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
როგორც სარჩელის ტექსტშია აღნიშნული, უეფა FIFA Forward Enterprise-ის სკანდალური პროექტის [მსხვილი საერთაშორისო ტურნირების უფლებების გაყიდვა] შესახებ დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვდა. უეფა ინფანტინოს „დანაშაულებრივ გულგრილობაში“ და პირადი სარგებლის მიღების მცდელობაში ადანაშაულებდა, ფიფაში კი აცხადებენ, რომ ამით უეფას ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურდა.
„უეფა უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ ინფანტინოს ამ პროექტით პირადი სარგებლის მიღება სურდა. ფიფას პრეზიდენტის არჩევნების წინ ამ დეზინფორმაციის გავრცელებას კონკრეტული მიზნები ჰქონდა, ამიტომ სასამართლომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა უნდა აღკვეთოს“, - აღნიშნულია ფიფას სარჩელში.
შეგახსენებთ, ინფანტინოს ირგვლივ სკანდალი ივლისში აგორდა, როცა მან განაცხადა, რომ FIFA Forward Enterprise-ის დაარსება და გაყიდვა სურდა. მედიის ინფორმაციით, FIFA Forward Enterprise-ის აქციების უდიდესი ნაწილი დონალდ ტრამპის სიძის ძმის კომპანიას უნდა შეეძინა.
ფიფას ეს ინიციატივა რამდენიმე კონფედერაციამ დაგმო, რის შემდეგაც ფიფას ამ გეგმებზე უარის თქმა მოუწია. აქვე გეტყვით, რომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2027 წელს გაიმართება.