კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან? - კვიპროსული მედია ქეცბაიას გათავისუფლების მიზეზებზე წერს
კვიპროსული მედია „ანორთოსისიდან“ თემურ ქეცბაიას გათავისუფლების შესახებ წერს და ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ქართველ სპეციალისტსა და კლუბის პრეზიდენტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა.
სააგენტო Themasports-ი წერს, რომ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „ჩროლანკასთან“ მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაია და კლუბის პრეზიდენტი, კირიაკოს პრასტიტისი ერთმანეთს გასახდელში შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რამაც ქართველი სპეციალისტის გათავისუფლებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ასევე, სხვა გამოცემები წერენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქეცბაია ჯერ კიდევ „ანორთოსისის“ მწვრთნელი იყო, კლუბი პარალელურად ფარულ მოლაპარაკებებს მაურო კამორანეზისთან აწარმოებდა, რომელიც ფამაგუსტელთა მწვრთნელი უნდა გამხდარიყო. და საბოლოოდ, ასეც მოხდა. ხელმძღვანელებმა გუშინ თემურ ქეცბაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, დღეს კი მთავარ მწვრთნელად მაურო კამორანეზის დანიშვნის შესახებ გამოაცხადეს.