„მწვავე ართრიტი მაქვს“ - ჯონსმა კორმიეს გამოწვევას უპასუხა
UFC-ის ქვემძიმე და მძიმე წონითი დივიზიონების ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა განმარტა, რატომ თქვა უარი გრეპლინგის წესებით კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონთან, დენიელ კორმიესთან ორთაბრძოლაზე.
რას ამბობს ჯონსი:
„მწვავე ართრიტი მაქვს, რის შესახებაც ბევრმა საერთოდ არ იცის. მენჯბარძაყის მარცხენა სახსარი ძალიან მაწუხებს. ბოლო მოსამზადებელი ბანაკის პერიოდში ყოველ ჯერზე ძლიერი ტკივილით ვიძინებდი. სამი წლის შვილი მყავს და მინდა, დარჩენილი ძალები მასთან სათამაშოდ გამოვიყენო“.
შეგახსენებთ, რომ დენიელ კორმიემ ჯონ ჯონსს RAF-ის პრომოუშენის ეგიდით ორთაბრძოლით შესთავაზა. კორმიესა და ჯონსს UFC-ში ორჯერ უჩხუბიათ: 2015 წელს ჯონსმა კორმიე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა, 2017 წელს კი ნოკაუტით მოუგო, თუმცა შემდეგ ჯონსმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა და ბრძოლა გაბათილებულად გამოცხადდა.
აქვე გეტყვით, რომ კორმიემ კარიერა 2020 წელს დაასრულა, ჯონსს კი 2024 წლის ნოემბრის შემდეგ არ უჩხუბია.