სერია ა. ტური 22 - იცოდით, რომ...
* „იუვენტუსმა“ სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა. ტურინელებს ჩემპიონატში 33 მატჩია ფრე არ უთამაშიათ. აქამდე ამ მხრივ გამორჩეული „კომო“ გახლდათ, რომელმაც 1950-1951 წლებში ზედიზედ 32 მატჩი დაასრულა საყაიმო შედეგის გარეშე.
* „ბებერმა ქალბატონმა“ ჩემპიონატის სხვადასხვა მატჩებისას საწყის 15 წუთში 10 გოლი გაიტანა, რაც წლევანდელ სერია ა-ში საუკეთესო მაჩვენებელია. ამ გოლებიდან 5, გონსალო იგუაინის ანგარიშზეა.
* იგუაინმა სერია ა-ს ზედიზედ მე-6 ტურში გაიტანა (ჯამში 8 გოლი). ბოლოს ასეთი საგოლე სვლა 2005 წელს დავიდ ტრეზეგეს ჰქონდა, ვინც მიჯრით 9 შეხვედრაში შეაგდო.
* მასიმილიანო ალეგრიმ „იუვანტუსის“ მწვრთნელის რანგში „სასუოლოს“ პირველი გასვლითი თამაში მოუგო - აქამდე 1 წაგება და 1 ფრე.
* „სასუოლომ“ ჩემპიონატის ეგიდით საკუთარ მოედანზე გამართული ბოლო 6 თამაშიდან 4 წააგო.
* „სამპდორიამ“ „რომასთან“ საშინაო გამარჯვებით 7 მატჩიანი (აქედან 6 ჩემპიონატის) მოუგებელი სერია შეწყვიტა. გენუელებს ხსენებულ მატჩებში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდათ აღებული.
* „სამპას“ თამაშში 1-ზე მეტი გოლი 4 დეკემბრის შემდეგ, 7 მატჩი არ ჰქონდა გატანილი.
* იმავე „სამპდორიას“ ფეხბურთელებს გოლი 18 დეკემბრის შემდეგ არ გაეტანათ. მართალია, 7 იანვარს გუნდმა „ნაპოლისთან“ 1:2 წააგო, თუმცა იმ შეხვედრაში ნეაპოლელთა ალბანელმა მცველმა, ელსეიდ ჰისაიმ, საკუთარი კარი „დალაშქრა“.
* „სამპდორიას“ 21 წლის ჩეხმა ფორვარდმა, პატრიკ შიკმა, მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა, რომელიც შეცვლაზე გამოსულებმა ჩაიწერეს. მან „რომას“ კარი მოედანზე შემოსვლიდან 83 წამში აიღო. საერთო ჯამში ამ ფეხბურთელს „ოქროს შეცვლა“ უნდა ვუწოდოთ, რადგან სულ გატანილი 5-დან, 4 ბურთი სწორედ თამაშში მოგვიანებით ჩართულს აქვს გატანილი.
* დენის პრაეტმა, „რომასთან“ მატჩისას, სერია ა-ში თავისი სადებიუტო გოლი შეაგდო.
* ლუის მურიელს სერია ა-ში ჯამში 39 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ამ ტურში მან საჯარიმო დარტყმით იხეირა, რაც მის იტალიურ კარიერაში პირველად მოხდა. მურიელმა „რომას“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით მე-6 გოლი გაუტანა.
* ამ ტურამდე „რომას“ ჩემპიონატის ბოლო 4 თამაში „მშრალად“ ჰქონდა მოგებული. გუნდი ჯამში 344 წუთის განმავლობაში არ უშვებდა (ყველა ტურნირის ჩათვლით 435 წუთი).
* „ჯალორისის“ სტუმრად „სამპდორიასთან“ თამაში ძალიან უჭირს. ბოლო 8 მატჩიდან დედაქალაქელებმა 1 მოიგეს, 3 ფრედ ითამაშეს და 4 წააგეს.
* სამაგიეროდ, რომაელთა თავკაც ლუჩიანო სპალეტის „სამპდორიასთან“ შესანიშნავი სერია ჰქონდა. მას ამ გუნდთან ბოლო 14 თამაშში 9 მოგება და 5 ფრე უფიქსირდებოდა. „სამპდორიასთან“ სპალეტის გუნდმა 2005 წელს წააგო. გამოცდილი სპეციალისტი მაშინ „უდინეზეს“ ედგა სათავეში.
* „ინტერმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო (ყველა ტურნირზე ზედიზედ 9). ეს კი 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა სერია ა-ს მიჯრით ამდენივე შეხვედრა „ნერაძურიმ“ ანდრეა სტრამაჩონის ხელმძღვანელობით მოიგო.
* მაურო იკარდი ევროპის 5 ჩემპიონატის მასშტაბით ისევ საუკეთესოა. არგენტინელს ყველაზე მეტ გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული - 15 გოლი და 8 საგოლე პასი.
* დანილო დ’ამბროზიო გახდა „ინტერის“ პირველი მცველი, ვინც სერია ა-ს ამ სეზონში გოლი გაიტანა.
* ჟოაო მარიომ ჩემპიონატის ბოლო 6 ტურში 2 გოლთან ერთად 3 ასისტი ჩაიწერა.
* „ინტერის“ შემტევმა, ედერმა, სერია ა-ში თავისი მე-200 შეხვედრა ჩაატარა. იგი 30 წლისაა.
* „პესკარას“ „ჯუზეპე მეაცაზე“ ერთადერთი მოგება აქვს, რომელსაც 1987 წელს მიაღწია.
* „ნაპოლის“ წაგების სიმწარე 16 ოფიციალური მატჩია არ უგემია. ნეაპოლიტანელებმა ბოლო შეხვედრა, 29 ოქტომბერს, „იუვენტუს სთედიუმზე“ დათმეს.
* მაურისიო სარის ბიჭებმა 2017 წელს პირველი მატჩი ვერ მოიგეს. „ნაპოლის“ ახალი წლის შემდეგ 5 თამაშიანი მოგებათა სერია ჰქონდა.
* დრის მერტენსი ბრწყინვალე თამაშს აგრძელებს. მას სერია ა-ს ბოლო 7 ტურში, 10 გოლი და 2 ასისტი აქვს.
* „პალერმოს“ თავკაცის პოსტზე დიეგო ლოპესის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მისმა გუნდმა "სტადიო სან პაოლოზე", "ნაპოლისთან", უმნიშვნელოვანესი ქულა აიღო.
* სიცილიელთა საუკეთესო ბომბარდირმა, ილია ნესტოროვსკიმ (8 გოლი), ჩემპიონატში 8 თამაშიანი „მშრალი“ სერია შეწყვიტა. მას ბოლოს 20 ნოემბერს „ბოლონიასთან“ ჰქონდა გატანილი.
* „მილანს“ ბოლო 6 ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვს აღებული.
* მიმდინარე სეზონში „როსონერის“ ორი უსწრაფესი გოლი ჯაკომო ბონავენტურას აქვს გატანილი. მან „სასუოლოს“ მე-9, ხოლო „უდინეზეს“ მე-8 წუთზე გაუტანა.
* ბონავენტურამ, რომელიც ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით 2 თვე ვერ ითამაშებს, „უდინეზეს“ კარი გასულ სეზონშიც აიღო.
* „უდინეზემ“ ზედიზედ 3 თამაშიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, ხოლო მისმა შემტევმა როდრიგო დე პაულმა სერია ა-ში სადებიუტო გოლი გაიტანა.
* მიმდინარე სერია ა-ში, მაშინ როცა უდინელთა ფორვარდი კირილ ტერო გოლის გატანას ახერხებს, მისი გუნდი არასდროს მარცხდება. ასეთი რამ 7 ტურში მოხდა. ტეროს აქტივში ჯამში 9 ზუსტი დარტყმაა.
* 2014 წლის 26 იანვარს, ფლორენციაში, „ფიორენტინამ“ და „ჯენოამ“ 3:3 ითამაშეს. 2017 წლის 29 იანვარსაც, ამავე სტადიონზე, ამ გუნდებს შორის, ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა.
* „ფიორენტინამ“ ანგარიშით 3:3, მიმდინარე წელს უკვე მეორე საშინაო შეხვედრა დაასრულა - 22 დეკემბერს იგივე „ნაპოლისთან“ მატჩისას მოხდა.
* „ჯენოას“ „არტემიო ფრანკიზე“ 40 წელია არ მოუგია - ბოლო გამარჯვებიდან - 8 ფრე და 11 წაგება.
* „ტორინოს“ ბოლო 9 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული. სინიშა მიხაილოვიჩის ბიჭებმა ეს ერთადერთი გამარჯვება „ჯენოასთან“ საშინაო შეხვედრისას მოიპოვეს.
* იაგო ფალკემ „ატალანტას“ ბოლო 5 თამაშში 5 გოლი გაუტანა. მას არცერთი სხვა გუნდის კარში ამდენი ბურთი არ გაუტანია.
* „ლაციომ“ „კიევოს“ კარისკენ 28 დარტმა შეასრულა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა და წააგო. ასეთი რამ წელს არცერთ სხვა გუნდს არ მოსვლია.
* „ბიანკოჩელესტეს“ 23 წლის შემტევმა, ფელიპე ანდერსონმა, სერია ა-ში თავისი მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
* „კიევოს“ „ლაციოსთან“ მატჩამდე ზედიზედ 5 წაგება ჰქონდა.
* „ლაციოს“ ზედიზედ 2 თამაში აპრილის შემდეგ არ წაეგო.
* სიმონე ინძაგის გუნდმა წელს სახლში მე-3 შეხვედრა დათმო - „იუვენტუსთან“, „რომასთან“ და „კიევოსთან“. გუნდმა სამივე მატჩი გატანილი გოლის გარეშე დაასრულა.
* „კიევოს“ შემტევმა, რობერტო ინგლესემ, მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა და საინტერესოა, რომ სამივე მათგანი თამაშის ბოლო 5 წუთში შეაგდო.
* 34 წლის მარკო ბორიელოს სერია ა-ს 5 სხვადასხვა სეზონში აქვს 10 და მეტი ბურთი გატანილი. მან ორჯერ ასეთ შედეგს „ჯენოაში“ თამაშისას მიაღწია, ხოლო თითოჯერ „მილანში“, „რომასა“ და ახლა უკვე „კალიარიში“.
* „ბოლონიას“ სარდინიაზე „კალიარი“ მხოლოდ 3-ჯერ ჰყავს დამარცხებული - 12 ფრე და 11 წაგება.
* „კროტონეს“ თავდამსხმელი, დიეგო ფალკინელი, კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც სერია ა-ს ერთ მატჩში 3 გოლი გაიტანა. თავის მხრივ, ფალკინელისაც აქამდე იტალიის უმაღლეს ლიგაში „ჰეთ-თრიქი“ არ ჰქონდა შესრულებული.
* „ემპოლის“ ფორვარდმა, ლევან მჭედლიძემ, ჩემპიონატის ბოლო 6 ტურში 5 გოლი გაიტანა და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. აქამდე მისთვის საუკეთესო სეზონი 2014-2015 წლებში იყო, როცა იმავე „ემპოლის“ მაისურით სერია ა-ში 4 გოლი შეაგდო.
* „ემპოლის, „კროტონესთან“ მატჩამდე, 293 წუთი არ ჰქონდა გოლი გაშვებული.
* „ემპოლის“ სტუმრად „კროტონე“ არასდროს დაუმარცხებია - 3 ფრე და 6 წაგება.
* მიმდინარე სეზონში წითელი ბარათი მხოლოდ „იუვენტუსის“, „რომასა“ და „უდინეზეს“ ფეხბურთელებს არ მიუღიათ.
მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ